საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წევრები მაუწყებლის საქმიანობაში არ ჩაერევიან:
“მაუწყებლის ბორდი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაკომპლექტებული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფება. სამწუხაროა ამ ადამიანების მიერ იმ ადამიანის თანამდებობიდან გადაყენება, რომელიც თანამდებობაზე სასამართლომ აღადგინა,“ – ამბობს ჩაფიძე.
საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მართულია და საქმეში შს სამინისტროცაა ჩართული:
“ის ფაქტი, რაც დღეს ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, აღმაშფოთებელია, მაშინ, როცა ბორდი მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ათავისუფლებენ დირექტორს იმ ფინასური პრობლემების გამო, რომელიც მაუწყებელშია. ამ პროცესებში კი აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამით ცდილობენ დაფარონ ის ფინანსური პრობლემები, რომელიც არხს გააჩნია. მიმდინარე პროცესებზე აუცილებელია განცხადება გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიტიკურად ანგაჟირებული არის პრობლემა, როცა სამინისტრო ახორციელებს ბორდზე ზეწოლას.”
სამეურვეო საბჭომ დღეს, 6 სექტემბერს, 9 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და უნდობლობა მეორედ გამოუცხადა მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს. პირველად ბარათაშვილი 6 თვის წინ გადააყენეს, თუმცა, მოგვიანებით ის სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა. მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძე დანიშნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე მის გადაბირებას ცდილობდა რამდენიმე დღის წინ, სანამ სამეურვეო საბჭო მიიღებდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გადაყენების გადაწყვეტილებას.
ემზარ გოგუაძის მტკიცებით, ირაკლი ციბაძე, რომელიც ტელეკომპანიაში არ მუშაობს, თუმცა, იქ უპრობლემოდ გადაადგილდება, მასთან რამდენიმე დღის წინ შევიდა კაბინეტში და პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ მაღალ თანამდებობას, მათ შორის მინისტრობას დაპირდა.
გოგუაძისვე განცხადებით, პირდაპირი მუქარა არ ყოფილა, თუმცა მსგავსი შეთავაზება შეიცავს “ერთგვარ მუქარას”.








