საუბარია ხიდაშელის მიერ დღეს, 6 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც გვარამია საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობს:
“სამწუხაროდ, ქალბატონი ხიდაშელის განცხადებაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა. მე ვიტყოდი, შეგნებული უზუსტობა, რასაც ადამიანურ ენაზე სიცრუე ჰქვია. ასევე, არის კვლაიფიკაციის პრობლემებიც, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან სიცრუის და კვალიფიკაციის პრობლემის ტირაჟირება მოხდა. მე წაგიკითხავთ მოთხოვნებს, რომელიც ქალბატონ ხიდაშელს აქვს გამოგზავნილი: პირველ წერილში მან გვთხოვა [ინფორმაციას იმის შესახებ] სამაუწყებლო ბადეში როგორ იქნა განთავსებული გასართობი გადაცემები – ეს მიგვეწოდებინა, მეორე წერილში გვთხოვა მიგვეწოდებინა, როგორ ხდება რეკლამის განთავსება და რომელი კომპანია უწევდა მომსახურებას [რუსთავი 2–ს] და მესამე წერილში გვთხოვა, რომ კონკრეტული გადაცემების და შესყიდვების შემთხვევები გაგვეშუქებინა… თუ ვინმე მეტყვის, ეს რა კავშირშია რუსთავი 2–ს წილებთან, ძალიან მადლობელი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი კომერციული საიდუმლოება, ბუნებრივია, ჩვენ ამ შეკითხვებს აუცილებლად გავცემდით პასუხებს იმ ვითარებაში, როდესაც კანონით უფლებამოსილი ორგანო მოგვმართავდა ამის თაობაზე. კანონით უფლებამოსილი არიან მხოლოდ საგადასახადო ორგანოები, საგამოძებო ორგანოები და ერთადერთი გამონაკლისია პარლამენტის სგამოძებო კომისია. ქალბატონი ხიდაშელი არ არის თვითონ საგამოძიებო კომისია, იგი არის კომისიის თავმჯდომარე და როდესაც გვწერს წერილებს, ჩვენ მას განვუმარტეთ და ვუთხარით, რომ ამაზე პასუხის გაცემა შეგვეძლება იმ ვითარებაში, როდესაც საგამოძიებო კომისია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და წერილობით ვთხოვეთ ქალბატონო ხიდაშელს: გთხოვთ წარმოგვიდგინოთ საგამოძიებო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება, ან ოქმი, რომლის საფუძველზეც კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რუსთავი 2–სგან გამოთხოვილ იქნეს ზემოაღნიშნულ წერილებში მითითებული ინფორმაცია. ამ ელემენტარული დოკუმენტის მოწოდებისთანავე ჩვენ მზად ვიყავით, რომ სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს დოკუმენტი ჩვენ დღემდე არ გვაქვს და ეს გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის საერთოდ არ არსებობს და კომისიას საერთოდ არც გადაუწყვეტია, რომ რუსთავი 2–სგან რაიმე სახის დოკუმენტაცია გამოეთხოვა. საფუძლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის ქალბატონი ხიდაშელის თვითშემოქმედება, რომელზეც ჩვენ, ბუნებრივია, არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ იმიტომ, რომ ის არ არის უფლებამოსილი მიიღოს ეს ინფორმაცია”, – განაცხადა გვარამიამ.
დეპუტატმა თინა ხიდაშელმა გვარამიას დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა და შეატყობინა, რომ საგამოძიებო კომისია მას დაკითხვაზე იბარებს. გვარამია ამბობს, რომ თუ დაკითხვაზე უშუალოდ კომისიას დაიბარებს, იგი მივა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ დაარღვევს. ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ თინა ხიდაშელი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ს მიზანმიმართულად ებრძვის:
“ძალიან სამწუხარო რეალობა იკვეთება, ქალბატონი ხიდაშელი მიზანმიმართულად ებრძვის ტელეკომპანია რუსთავი 2–ს და ეს პირველი წელი არ არის, რაც ხდება, მაგრამ დღეს უკვე ამას როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე ახორციელებს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არის გამორჩეული ამ კუთხით. ერთი ფაქტი შემიძლია გითხრათ: საქართველოში არცთუ ისე ბევრი ცნობილი ჟურნალისტია, რომელსაც სატელევიზიო შოუები მიჰყავს, ერთ–ერთ მათგანთან ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ჩვენს არხზე თოკ–შოუს წაყვანის მიზნით, თუმცა მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვითხრა უარი, რომ რატომღაც ქალბატონ ხიდაშელთან გაიარა კონსულტაცია და მისგან მიიღო პასუხი: არ წახვიდე რუსთავი 2–ზე, ის წლის ბოლომდე ნამდვილად არ იარსებებს და მე უზრუნველვყოფ ამასო… მინდა ხიდაშელის გასაგონად ვთქვა: ვერაფერს ის ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს რუსთავი 2–თან დაკავშირებით და დაკავდეს უფრო საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეებით. ნუ გაიხდის ცხოვრების მიზნად რუსთავი 2–თან ბრძოლას”, – აღნიშნა გვარამიამ.
