ახალი ამბები

ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

6 სექტემბერი, 2013 •
ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, კობა ყურუა, ვახტანგ ჩხაპელია და გელა უბილავა ცნეს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად 13 საათი დასჭირდათ.  

 

მსაჯულებმა სათათბიროდ განსაზღვრული სამივე დროის მონაკვეთი, ჯამში – 12 საათი გამოიყენეს, თუმცა ეს დრო ვერდიქტის გამოსატანად საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომა მოსამართლის მონაწილეობით შეიკრიბა და ნაფიც მსაჯულებს დამატებით ერთი საათი განესაზღვრათ, რის შემდეგაც ვერდიქტი 6 სექტემბერს დილის 6 საათზე გამოიტანეს.

 
სასჯელის ზომას მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლე დღეს ჩანიშნულ პროცესზე განუსაზღვრავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი დღეს, 15  საათზეა ჩანიშნული.

 

ავთანდილ (ანტონ) ადუშვილის მკვლელობის საქმის განხილვა 26 აგვისტოს დაიწყო. ავთანდილ ადუაშვილის ოჯახის წევრები  მკვლელობის დამკვეთად რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებენ. 

 

ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა. 

 

2012 წლის 24 ნოემბერს,  საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა. 

 

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ავთანდილ ადუშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს, თუმცა მომღერალ სოსო პავლიაშვილის მიმართ არანაირი დევნა დაწყებული არ არის.

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმეს, რომელიც ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას უკავშირდება, კარგად იცნობს და სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით საქმეში კითხვები არსებობს:

 

“ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალადევიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. ადუაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლიაშვილთან, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიება. თუკი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვარ მზად მას პირადად შევხვდე”, – განაცხადა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს გორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ცალკეა აღძრული. პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლოა მისი დაკითხვა უახლოეს პერიოდში მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი