ახალი ამბები

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო არხის დირექტორის უნდობლობის საკითხს განიხილავს

6 სექტემბერი, 2013 • 1084
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო არხის დირექტორის უნდობლობის საკითხს განიხილავს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრთა განცხადების მიხედვით, ბორდის წევრებმა 4 მარტს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადეს. ამის მიზეზი გიორგი ბარათაშვილის მიერ არხის ახალი ამბების დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გადაყენება იყო. 

 

ხათუნა ბერძენიშვილმა გიორგი ბარათაშვილი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაში, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებასა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში დაადანაშაულა. გიორგი ბარათაშვილმა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა. 

 

საბჭო ხელმეორედ დღეს განიხილავს გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. საბჭოს წევრთა განცხადებით, მათ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს, რადგან გაუფრთხილდნენ მაუწყებლის ავტორიტეტს. 

 

“დღესაც, იმ მოვლენებიდან 6 თვის შემდეგ, არც ერთ კითხვას, რომელიც გენერალური დირექტორის მიმართ მაშინ გაჩნდა, პასუხი გაცემული არ აქვს,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

საჭოს წევრთა განცხადებით, გიორგი ბარათაშვილმა სამეურვეო საბჭოს, მოთხოვნის მიუხედავად, 2013-2014 წლის საინფორმაციო ბადე და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამული აღწერილობა არ წარუდგინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს კითხვები ინგა გრიგოლიას გადაცემასთან დაკავშირებითაც აქვს. უცნობია დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემების ბედი. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად უნდა იქცეს. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,” “მედიის განვითარების ფონდი,” “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” აცხადებენ, რომ შექმნილი გაურკვევლობები წინასაარჩვენი პერიოდში უარყოფითად აისახება არხის რეპუტაციაზე.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მაუწყებელის ეთერში პლურალიზმი უზრუნველყონ. არხის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ხოლო პოლიტიკოსებმა კი, თავის მხრივ, მაუწყებელს მოქმედების სრული თავისუფლება უნდა მიანიჭონ, რათა მან პირნათლად შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება,”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი