“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს მიღებას ტაქსის მძღოლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე. ახალი ინიციატივა უცხოელ ტურისტთა გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება. პროექტის მიზანი სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობაა. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და ტაქსზე დასამაგრებელი ნიშნული „English Speaking Driver”. იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ინგლისურ ენას, სერტიფიკატი და ტაქსზე დასამაგრებელი ნიშანი გასაუბრების საფუძველზე გაიცემა. ტაქსი მთელს მსოფლიოში ყველაზე ტურისტულ ტრანსპორტად არის მიჩნეული. მძღოლებისთვის საკომუნიკაციო ინგლისური ენის შესწავლით, ჩვენ შევეცდებით უფრო კომფორტული გავხადოთ საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრების გადაადგილება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. თავის მხრივ, ეს მძღოლების კეთილდღეობაზეც აისახება“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ.
მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის მსურველი მძღოლები თავიანთი მანქანებით უნდა მივიდნენ ტურიზმის ადმინისტრაციაში, სადაც მათ კუთვნილ ავტომობილს ფოტოსურათით დააფიქსირებენ.

