კანონპროექტების მომზადება კონსტიტუციაში 2010 წელს შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამოქმედდება.

 

ერთ-ერთი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება ქვეყნის პრეზიდენტს აღარ ექნება. კერძოდ, „საომარი მდგომარეობის“ შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, ომის დაწყების  გადაწყვეტილების მიღება მთავრობის პრეროგატივა იქნება.

 

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი, დღეს, 5 სექტემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 

„განვიხილეთ საომარი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი. ძირითადი საკითხი, რაც წარმოიქმნება ახალი კონსტიტუციის რედაქციის ამოქმედების შემდეგ, ეს გახლავთ ის, რომ ის ფუნქციები, რაც პრეზიდენტს ჰქონდა, გადადის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე, სწორედ ამ საკითხების რეგულაციას ვახდენთ.“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

გარდა ამისა, ცვლილებები ეხება პლებისციტის ჩატარების საკითხსაც და მისი დანიშვნის უფლება პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს ექნება.

 

ეს საკითხი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და „რეფერენდუმის შესახებ“ კანონპროექტში შესწორებების შეტანას მხარი დაუჭირეს. 

 

კანონპროექტის პირველი ვერსიით, რომელიც პარლამენტში წარმოადგინეს, პლებისციტის დანიშვნა მთავრობის ინიციატივით უნდა მომხდარიყო, ან საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნით. თუმცა მოგვიანებით კანონპროექტში შესწორებები შევიდა და პლებისციტის დანიშვნის  უფლება პრემიერ-მინისტრს მიეცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *