ახალი ამბები

შსს–ში ფარული ჩანაწერების განადგურება მიმდინარეობს

5 სექტემბერი, 2013 •
შსს–ში ფარული ჩანაწერების განადგურება მიმდინარეობს

დალუქული კონტეინერიდან იღებენ დანომრილ დისკებს რიგითობის მიხედვით, რომელსაც სპეციალური აპარატი ანადგურებს. კომისიის განცხადებით, რომელშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მინისტრებიც შედიან, სულ ნადგურდება 181 საათის ხანგრძლივობის მასალა, რომელიც წინა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩაიწერა სხვადასხვა პირთა დასაშანტაჟებლად.

 

მოდულის შენობა
მოდულის შენობა

“კომისიამ დაასრულა მუშაობა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებასთან დაკავშირებით. მე მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო, რაზე მუშაობდა კომისია ამ ხნის განმავლობაში. თვეების განმავლობაში შსს–მ აღმოაჩინა რამდენიმე ათასი უკანონოდ მოპოვებული აუდიო–ვიდეომასალა, ჯამში, ამან შეადგინა 26 ათასი. კომისიამ იმსჯელა და აქედან ჩვენ გამოვყავით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო ასალა–ჯამში, 144 ფაილი. კომისიამ იმსჯელა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კომისიის წევრთა უმრავლესობამ, ასევე, მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. ჩვენ ასევე კონსულტაცია გავიარეთ ჩვენს უცხოელ ექსპერტებთან, მათ შორის ბატონ თომას ჰამერბერგთან, ჩვენ გავიზიარეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და მივიღეთ მათგან რეკომენდაცია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები უნდა განადგურდეს”, – განაცხადა შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მასალის განადგურების დაწყებამდე.

 

მისივე თქმით, ექსპერტებისა და მოსახლეობის ნაწილის მოსაზრება იყო, რომ ეს არ უნდა განადგურებულიყო. თუმცა, ღარიბაშვილის განცხადებით, დანარჩენი 25 ათასი ფაილი არ ნადგურდება და მათი დახარისხება მიმდინარეობს და მათთან დაკავშირებით კომისია გააგრძელებს მსჯელობას და შეფასებას, თუ რა იყო ეს და რასთან გვქონდა საქმე. მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს მკაცრი შეფასება იმისა, რაც უკანონოდ ხდებოდა წლების განმავლობაში, შემდეგ კი დაიწყოს გამოძიება. 

 

შსს–ს ინფორმაციით, სულ აღმოჩენილია 26 ათასამდე უკანონო ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი, საიდანაც 140–ზე მეტი ეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას და სწორედ მისი განადგურების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი