დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეჭვმიტანილი დაინახა, თუმცა, არა სახეზე.
“სახლიდან იყო გამოსული თუ გამოქცეული [დოდო] ხალათით. არც ზედა და არც ქვედა მეზობლებს არც სროლის და არც ჩხუბის ხმა არ გაგვიგია. დოდოც ტელევიზორში თუ მყავდა ნანახი, კორპუსში სულ ორჯერ შემხვდა. 2 წელი არ იქნება, რაც აქ ცხოვრობს, ქირით. შვილი მომიკლესო, ასე ყვიროდა”, – ამბობს მეზობელი.
გუგეშაშვილის მეზობლის თქმით, მან დაინახა, როგორ ჩამორბოდა ლურჯქურთუკიანი კაცი, მეზობლის თქმით, მისი სახე არ დაუნახავს თუმცა ვარაუდობს, რომ კაცი საშუალო ასაკისა და სიმაღლის იყო. ქაჯაია არ გამორიცხავს, რომ ეს ადამიანი მომხდართან კავშირში იყოს. “რატომ გამორბოდა მაშინ? კიბეებზე ჩამოირბინა და წავიდა, დაიჭირეთ, ვყვირი”.
“მეცამეტე სართულზე, ჩემს კართან ეგდო”, – ამბობს მეზობელი.
ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა გუგეშაშვილის კიდევ ერთ მეზობელს, რომელიც ამბობს, რომ კივილის ხმაზე სადარბაზოში გამოვიდა და დასისხლიანებული გუგეშაშვილი დაინახა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაჭრის შემდეგ მან სახლის დატოვება მოახერხა. როგორც ირკვევა, სასწრაფოც ამ მეზობლის ოჯახის წევრმა გამოიძახა. მეზობელი ამბობს, რომ კივილამდე გუგეშაშვილის სახლიდან ხმაურის ხმა არ გაუგია. მისივე თქმით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11 საათზე, მოხდა.
დღეს მხედრიონის ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევის შედეგად მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი დაიღუპა.
“დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებულ დ.გ-ს და მის შვილს, 1985 წელს დაბადებულ გ.გ-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაბენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.