“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამეა, როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, მოქალაქეები იძლებული გახდებიან თვითონ დაიცვან თავი. ეს არის უბედურების მომტანი პროცესი”, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა დოდო გუგეშაშვილის სახლში მომხდარი დანაშაულის კომენტირებისას გააკეთა.
შიხიაშვილი გუგეშაშვილის ოჯახის მეგობარია და საავადმყოფოშიც იმყოფებოდა, სადაც დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.
“არ ვამბობ, რომ იარაღით უნდა იარონ [მოქალაქეებმა], მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანები. ფაქტია რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი დაუშავებია”, – აცხადებს შიხიაშვილი.
ნეტგაზეთი ესაუბრა გუგეშაშვილის ერთ-ერთ მეზობელს, რომელიც ამბობს, რომ კივილის ხმაზე სადარბაზოში გამოვიდა და დასისხლიანებული გუგეშაშვილი დაინახა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაჭრის შემდეგ მან სახლის დატოვება მოახერხა. როგორც ირკვევა, სასწრაფოც ამ მეზობლის ოჯახის წევრმა გამოიძახა. მეზობელი ამბობს, რომ კივილამდე გუგეშაშვილის სახლიდან ხმაურის ხმა არ გაუგია. მისივე თქმით, შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე მოხდა.
დღეს მხედრიონის ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. მას კლინიკაში ოპერაცია უტარდება. შემთხვევის შედეგად მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი დაიღუპა.
“დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ-ს და მის შვილს, 1985 წელს დაბადებულ გ.გ-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.