ახალი ამბები

თემქაზე 4 ბავშვი და ერთი ასაკოვანი კაცი, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა

7 თებერვალი, 2018 • 1601
თემქაზე 4 ბავშვი და ერთი ასაკოვანი კაცი, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა

თემქაზე მცხოვრებ ერთ ოჯახში 12 ადამიანი, სავარაუდოდ, გაზით მოიწმალა. 5 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან 4 მცირეწლოვანი ბავშვია, ხოლო ერთი- ასაკოვანი კაცი. დანარჩენ 7 ადამიანს სამედიცინო დახმარება სასწრაფომ ადგილზე აღმოუჩინა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ოჯახში სუფრა იყო გაშლილი და სტუმრებს მასპინძლობდნენ, რა დროსაც საკვები მზადდებოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარი ერთი შეხედვით CO-თი ინტოქსიკაციას ჰგავდა, თუმცა შესაბამის კითხვაზე საბოლოო პასუხი გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

“ვიცით, რომ ბავშვების და მამაკაცის მდგომარეობა  დამაკმყოფილებელია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღიათ. ჩვენ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველო ნაწილით დავიწყეთ”, – აცხადებენ შსს-ში ნეტგაზეთთან საუბარში.

სისხლის სამართლის კოდექსში ზემოხსენებული მუხლი ასეა ფორმულირებული – ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი