ახალი ამბები

მარგველაშვილი “ევრაზიულ კავშირზე”

4 სექტემბერი, 2013 • • 1160
მარგველაშვილი “ევრაზიულ კავშირზე”

“ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიხილავთ იმ როლს, რაც საქართველოს გააჩნია აღმოსავლეთ–დასავლეთის კორიდორის თვალსაზრისით, სატრანსპორტო თვალსაზრისით, რა პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ძალიან აქტიურად ვიხილავთ ამ ჭრილში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების პროცესს ევროპასთან იმ ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ასეთ შეთანხმებებს.

 

ამ ეტაპზე ჩვენი დღის წესრიგში ძალიან აქტიურად დგას ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ის განცხადებები, რაც გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ 2012 წელს, როდესაც თქვა, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი პირდაპირი ვაჭრობის შესაძლებლობები არის უაღრესად საინტერესო და წინა ხელისუფლებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გაძლიერების, სამწუხაროდ, არ გამოუყენებია.

 

ჩვენს სტრატეგიულ ინტერესში დევს, რომ ის განცხადებები, რაც გაკეთდა პრეზიდენტ ობამას მიერ ვაჭრობის თაობაზე, იქნას გაღრმავებული და, ბუნებრივია, იგივე კონტექსტში ჩვენ ვიხილავთ სხვა ეკონომიკური კავშირების პოტენციალებს, განხილვა ამ პოტენციალების მუდმივად ხდება მთავრობაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებას, თუკი ეს საქართველოს სტრატეგიისთვის საინტერესო იქნება, ამის შესახებ განცხადება პრემიერმა დღეს, 4 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.

 

“Wall Street Journal”-მა გუშინ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშულია, რომ სომხეთი “ევრაზიის საბაჟო კავშირში” გაწევრიანებას გეგმავს.

 

2011 წელს რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ 2015 წლისთვის “ევრაზიის საბაჟო კავშირს” ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციად, “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად” გარდაქმნიან. კავშირის შექმნის ინიციატორი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

მასალების გადაბეჭდვის წესი