ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალ სატელევიზიო სეზონში 25 გადაცემა და ქართული სერიალი ექნება

3 სექტემბერი, 2013 •
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალ სატელევიზიო სეზონში 25 გადაცემა და ქართული სერიალი ექნება

 

ჩართოლანის და ბარათაშვილის განცხადებით, 2013-2014 წლების სამაუწყებლო ბადე ითვალისწინებს 25 გადაცემის ეთერში ეტაპობრივად განთავსებას. მაუწყებელი ახალ სეზონს 16 სექტემბრიდან დაიწყებს.

გოგა ჩართოლანის განცხადებით, პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა სოციალური თოქ-შოუ, სადაც გაშუქდება კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ისტორიები და მათი პრობლემების გადაწყვეტის გზები. ამასთან, ეთერი დაეთმობა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას; მათ სატკივარს და გასაჭირს.

მისივე თქმით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეთერში გავა ჟურნალისტური გამოძიება; კვირაში ოთხჯერ- პოლიტიკური თოქ-შოუ; კვირის ანალიტიკური შემაჯამებელი გადაცემა -“კვირის რეპორტიორი”; ეთერში გავა სამხედრო პატრიოტული თემატიკის გადაცემა, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა ნატოს საქმიანობის ჩვენებას.

“დამზადდება ქართული სატელევიზიო სერიალი, რომელიც დიდი ხანია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ასევე ამ სეზონზე ძალიან ბევრი კულტუროლოგიური პროექტი ჩაეშვა. იქნება პროექტი თანამედროვე ხელოვნებაზე, რომელეც ტენდერის სახით შემოვიდა. ასევე იქნება ძალიან საინტერესო მუსიკალური მეგა–შოუ, რომლის მსგავსიც აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ეთერში არ გვქონია. იქნება შემეცნებით-გასართობი გადაცემები: ინტელექტუალური გეიმ-შოუები; საბავშვო თამაში; ინტელექტუალური კინო; ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემები; დაწყებულია ინტელექტუალური მეგაპროექტი „ჩემი წიგნი“,  რომლის საშუალებითაც საზოგადოებას ეძლევა ცნობილი ლიტერატურული ტექსტების და ლიტერატურული გმირების გამოვლენის საშუალება; გრძელდება პოპულარული პროექტი „წითელი ზონა“, განახლებული ფორმატით.

წარმოდგენილი იქნება „ჩვენი ეზო“ და „ჩვენი ფერმა“, – განაცხადა ჩართოლანმა.

 

მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადებით,  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოაცხადა ტენდერი გადაცემების შესყიდვაზე, რის შედეგადაც გარე სტუდიებს საშუალება მიეცა აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადის შექმნაში.

 

ჩართოლანი და ბარათაშვილი ჯერჯერობით არ ახმაურებენ ახალი წამყვანებისა და სახეების ვინაობას. ბარათაშვილი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებს მართავს ჟურნალისტ ნანა ლეჟავასთან.

ამ სეზონში 1 არხის ეთერში ჟურნალისტური გამოძიებაც გავა. გიორგი ბარათაშვილის თქმით, რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი