საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პაატა ლეჟავას ინიციატივით, სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალის წაყენებიდან ცხრა თვეში უნდა დასრულდეს. ლეჟავა აცხადებს, რომ მოქმედი კანონი პირის ბრალდებულად ყოფნის პერიოდის საკმაოდ დიდი ხნით გაგრძელების საშუალებას იძლევა:
„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს მთელი რიგი უფლებები ეზღუდება, აღნიშნული გარემოება პირს საკმაოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ ჩემი ინიციატივა ხელს შეუწყობს მსგავსი პრობლემის მოგვარებას. წარმოდგენილი ცვლილებით, პირი ბრალდებულად არ შეიძლება ცნობილი იყოს ცხრა თვეზე მეტი ხნით, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაული სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან.”
ცვლილებების მიხედვით, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აღნიშნული ვადის გასვლისას წყდება.








