უსუფაშვილის თქმით, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ მიღწეული შეთანხმება რამდენიმე ღონისძიებათა ციკლის გამართვას უზრუნველყოფს. ამასთან, შვედი დეპუტატები ქართველ კოლეგებს საკანონმდებლო გამოცდილებას გაუზიარებენ. შვედეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით კი, მოხდება ორი ქვეყნის ყველა საპარლამენტო სტრუქტურის, მათ შორის ფრაქციების და კომიტეტების დაახლოება.
“შვედეთის პარლამენტში წარმოდგენილი 8 პარტიიდან 7 პარტია, ანუ რეალურად პარლამენტარების 90 პროცენტზე მეტი, მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას. ისინი მომხრე არიან, რომ ახალი ქვეყნები, იმ შემთხვევეაში, თუ დააკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს და კრიტერიუმებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მინდა, აგრეთვე, მოგახსენოთ, რომ ჩვენ, პარლამენტში კანონმდებლები დიდ ყურადრებას აქცევენ პარტნიორობას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან. შვედეთი პოლონეთთან ერთად გახლდათ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ინიციატორი. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავებას. მინდა შეგახსენოთ გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის სიტყვები, რომელმაც თქვა: თუ გსურთ თავი იგრძნოთ დაცულად და უსაფრთხოდ, მეზობლები უნდა იყვნენ თქვენი მეგობრები, და თქვენ თავს კარგად იგრძნობთ მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებშიც იქნება სათანადო ეკონომიკური განვითარება. ამჟამად ჩვენ უფრო მასშტაბურ თანამშრომლობას ვიწყებთ საქართველოს პარლამენტთან. შვედეთის პარლამენტის რვავე პარტიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს”, – განაცხადა პერ ვესტერბერმა.
ვესტერბერი, რომელიც შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს, საქართველოს 3–დღიანი ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტს და დეპუტატებსაც შეხვდება.
