ახალი ამბებიგართობაკინოხელოვნება

The Bridge – რატომ უნდა ნახოთ პოპულარული სკანდინავიური დრამა

2 თებერვალი, 2018 •
The Bridge – რატომ უნდა ნახოთ პოპულარული სკანდინავიური დრამა

სკანდინავიელებმა კიდევ ერთხელ,  გვიჩვენეს, როგორ იქმნება შესანიშნივი კრიმინალური დრამა –  საგა ნორენმა კი დაამტკიცა, რომ საპატიო ადგილს იმსახურებს მცირე ეკრანის დეტექტივების პანთეონში” – ასე იწყება ბრიტანული გამოცემა “გარდიანის” მიმოხილვა შვედურ-დანიურ კოლაბორაციაზე, სახელწოდებით “ხიდი”, რომელსაც საქართველოშიც დიდი აუდიტორია ჰყავს. 

საქართველოში მხოლოდ Adjaranet.com-ზე სერიალს 44 000-ზე მეტი ადამიანი უყურებს. ვებ-გვერდის სტატისტიკით, სერიალის გვერდზე,  მისი განთავსებიდან დღემდე, 79 ათასზე მეტი მომხმარებელი შევიდა. “ხიდის” მხოლოდ მეოთხე, ფინალურ სეზონს “აჭარანეთზე” თვალს 25 000-მდე მომხმარებელი ადევნებს. მისი რეიტინგი, IMDB-ის მონაცემებით, 10-დან 8,6-ია. 

სერიალის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი ადაპტაცია დანიისა და შვედეთის მაგალითზე, ექვს ქვეყანაში – ამერიკასა და მექსიკაში, საფრანგეთსა თუ დიდ ბრიტანეთში და რუსეთში, ასევე ესტონეთშიც გადაიღეს. სერიალში ყურადღება გამახვილებულია სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე. “თვითირონიული, პირქუში და პოლიტიკურად აქტუალური” – სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებს “ხიდს” “ნიუ იორკ თაიმსი”.

როგორც სხვა დანიური სატელევიზიო სერიალებისთვის, “ხიდისთვისაც” დამახასიათებელია მძიმე, კომპლექსური ფსიქოლოგიური სიუჟეტი” – წერს “ნიუ იორკ ტაიმსი”.  როგორც გამოცემა წერს, “ხიდის” გადაღებები ძირითადად ნოემბერში მიმდინარეობდა, ამ დროს კი სკანდინავიის ნახევარკუნძულზე დღე საგრძნობლად იკლებს. მრუმე ატმოსფერო სერიალშიც იგრძნობა. 

“ხიდი” ეთერში პირველად 2011 წელს გავიდა. სიუჟეტი ორ ქალაქში – კოპენჰაგენსა (დანია) და მალმოში (შვედეთი) ვითარდება. ქალაქებს ერთმანეთთან ორესუნდის ხიდი აკავშირებს, რომელზეც, ორი ქვეყნის საზღვარზე, ქალის გვამს იპოვიან. შვედეთის და დანიის პოლიცია იძულებულია ითანამშრომლოს.

შვედურ-დანიური ტელესერიალი “ხიდი”

თავდაპირველად    სერიალის ავტორები მაყურებელს სხვადასხვა პერსონაჟებს აცნობენ, რომლებსაც ერთი შეხედვით არაფერი აკავშირებთ მთლიან სურათთან, თუმცა რამდენიმე სერიის შემდეგ სიუჟეტი მოულოდნელად ვითარდება და როცა მაყურებელი ფიქრობს, რომ ყველა კითხვას პასუხი უკვე გაეცა – სრულიად განსხვავებულ ფინალს სთავაზობს.

პირველი ორი სეზონის განმავლობაში, “ხიდს” ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს- საგა ნორენი მალმოს კრიმინალური პოლიციიდან და დანიელი გამომძიებელი მარტინ როდე. მიუხედავად პიროვნული და კულტურილი განსხვავებებისა, პერსონაჟები ახერხებენ თანამშრომლობას და ერთმანეთსაც უახლოვდებიან, თუმცა სერიალის ავტორები მაყურებელს კვლავ სიუჟეტის მოულოდნელ განვითარებას სთავაზობენ.

“ხიდი” 2011 წლის შემდეგ 100-მდე ქვეყნის ტელეეკრანებზე გავიდა. ამჟამად კი სერიალის ფინალური, მეოთხე სეზონია ეთერში.

შვედურ-დანიური ტელესერიალი “ხიდი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი