ახალი ამბები

“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის სასჯელი მკაცრდება – კანონპროექტი

2 თებერვალი, 2018 • 2450
“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის სასჯელი მკაცრდება – კანონპროექტი

შსს-ს მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ქურდული სამყაროს საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივით, კანონში შესაძლოა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და ქურდული შეკრების ორგანიზება დანაშაულად ცხადდება. ამის შესახებ დღეს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ცვლილებების პროექტით რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა, დანაშაულად გამოცხადდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, სისხლის სამართლის კოდექსში და “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” კანონში წარმოდგენილი ინიციატივით დანაშაულად ცხადდება:

ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა – სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით;

ქურდული სამყაროს მხარდაჭერა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;

ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა – თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას ორგანიზებას გაუწევს ან მასში მონაწილეობას მიიღებს.

გარდა ამისა, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ  მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდობაზე“ კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სასჯელი  9-დან 15 წლამდე გაიზრდება, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე  ინიციატივა თავისუფლების აღკვეთას  7-დან 10 წლამდე ითვალისწინებს.

„ამ ცვლილების ძირითადი მიმართულებაა, გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებებისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი