აღნიშნულის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის წინ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხი კონგრესში პირველსავე სესიაზე განიხილება, კონგრესი კი სამუშაოს 9 სექტემბერს უბრუნდება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში “შეზღუდული მოქმედებები” განხორციელდება და ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს სახმელეთო ოპერაციას და არც გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას.
“ჩვენ არ და ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რაც დამასკოში მოხდა”.– განაცხადა ბარაკ ობამამ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სამხედრო ინტერვენციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად შეუძლია. კონგრესის თანხმობა მას იმ შემთხვევაში ჭირდება, თუ სამხედრო ოპერაცია 16 დღეზე მეტხანს გაგრძელდება. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონგრესის წინაშე საკითხის დაყენება ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით კი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1 429 ადამიანი დაიღუპა. ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთაგან 426 ბავშვია, მან მომხდარს “წარმოუდგენელი საშინელება” უწოდა.
აქამდე, საქველმოქმედო სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, ცნობილი იყო, რომ 21 აგვისტოს, აღმოსავლეთ დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 355 ადამიანი იყო გარდაცვლილი, თუმცა, ჯონ ქერის მტკიცებით, არსებობს ფაქტები, რომელთა თანახმადაც დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. მისივე განცხადებით, ასადის რეჟიმი თავდასხმისთვის სამი დღით ადრე მოემზადა:
აშშ ინტერვენციას ითხოვს, რათა შეაჩეროს სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება. ცნობილია, რომ ინტერვენციაში ბრიტანეთი მონაწილეობას არ მიიღებს. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აღნიშნულში მეამბოხე ძალებს ადანაშაულებს.





