ბიძნა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მისი სახით ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება:
“რომ არა გიორგი მარგველაშვილი, განათლების სფეროში ალბათ იმდენი ვერ გაკეთდებოდა, რასაც გპირდებოდით, რამეთუ ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი თანხები ჩვენ დავუთმეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას და თითქმის არ გაგვიზრდია განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. გიორგი მარგველაშვილმა კი არსებული თანხებით შეუძლებელი გააკეთა, რაც იმის დასტურია რომ იგი ღირსეული მენეჯერია. მისი ძალისხმევით ორჯერ გაიზარდა უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებისთვის დადგენილი სასწავლო გრანტები. მან მოახერხა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამის ორგანიზება. ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ ამდენი სკოლა არის გარემონტებული და დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ 600 სკოლის გარემონტებას უზუნველყოფს, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა თბილ და კომფორტულ გარემოში ისწავლონ”.
მისივე თქმით, მარგველაშვილი ევროპული ტიპის ადამიანია, მანვე დააარსა და წლების განმავლობაში იყო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის რექტორი.
“როდესაც გუნდში საჭირბოროტო საკითხები იყო გადასაწყვეტი, გიორგი მარგველაშვილის გარეშე არცერთ ასეთ შეხვედრას არ ვატარებდი და ის ყოველთვის იყო გამორჩეული ყველასგან. მას შეუძლია დასახოს და ყოველთვის იპოვოს ახალი გზები. ასეთი პრეზიდენტი გეყოლებათ თქვენ. და, რაც მთავარია, ის არის ძალიან თავმდაბალი, ძალიან ერთგული პიროვნება. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეყოლება საუკეთესო პრეზიდენტი. მოგმართავთ ყველას, რომ აუცილებლად მოხვიდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ღირსეულ კანდიდატს. გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი”.
