“31 აგვისტოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ისინი თავად აცხადებენ, არ სურთ სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე, რამაც შესაძლოა სამინისტროს შეუქმნას სერიოზული სირთულეები მომავალში, მოქალაქეების საქართველოში უსაფრთხოდ გადმოყვანის კუთხით. სამინისტრომ, ისევე როგორც საქართველოს საელჩომ, ქ. ქაიროში მაქსიმალურად გამოიყენა საქართველოს მოქალაქეთათვის დახმარების დროულად აღმოჩენის არსებული ყველა რესურსი და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ სირიის ტერიტორია”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადების თანახმად, 2013 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. 22 მოქალქიდან 18–მა დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. 30 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძინა 2013 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთები ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები, მათივე თქმით, პირველი სექტემბრისთვის გამოფრენას ვერ ახერხებენ. ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას სირიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, ნარგიზა ლომთაძემ აღნიშნა, რომ საზღვარზე რიგებია, რის გამოც მათ დაახლოებით ოთხი დღე სჭირდებათ:
“3–4 დღე მაინც უნდა ვიყოთ რიგში, რომ როგორმე ბეირუთში გავიდეთ. ავუხსენით, ვუთხარით, ვერ ვასწრებთ, განა ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ვერ ვასწრებთ”. –განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად სირიაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. მისი თქმით, სირიაში “შეზღუდული მოქმედებები” განხორციელდება. ობამა აცხადებს, რომ 21 აგვისტოს აღმოსავლეთ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება გამოწვევაა მსოფლიოსთვის. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი აშშ–ის ეროვნული ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს სახმელეთო ოპერაციას და არც გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით კი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1 429 ადამიანი დაიღუპა. ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთაგან 426 ბავშვია, მან მომხდარს “წარმოუდგენელი საშინელება” უწოდა.
აშშ ინტერვენციას ითხოვს, რათა შეაჩეროს სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება. ცნობილია, რომ ინტერვენციაში ბრიტანეთი მონაწილეობას არ მიიღებს. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აღნიშნულში მეამბოხე ძალებს ადანაშაულებს.
