“საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის თანამშრომლებმა საპარლამენტო არჩევნების დროს სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს. ეს ის ხალხია, ვინც ტელეკამერით დაუპირისპირდა ზონდერბრიგადებს. თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ საზოგადოებას. 

ჩვენ ყველანი ვაფასებთ საქმისადმი მათ ერთგულებასა და თავდადებას. და დღეს, მე არ შემიძლია არ გავითვალისწინო მათი სურვილი გააგრძელონ საქმიანობა. ამიტომ, მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას ვაცხადებთ ჩვენს საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება – ბრენდი, სახელი – „ინფო 9“, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს ,,ინფო 9“–ის მენეჯმენტს. 

რაც შეეხება სააგენტოსთვის აპარატურის მცირე ნაწილის განვადებით და გამოსყიდვის უფლებით გადაცემას, როგორც ამას მენეჯმენტი ითხოვს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის”.– ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მეცხრე  არხის საინფორმაციო სამსახურმა საქმინობა 19 აგვისტოს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  მან და მისმა  ოჯახმა  1–ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მისივე თქმით, 10 თვის განმავლობაში არხის გაყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ 16 აგვისტოს, ბოლო პოტენციური მყიდველისგან უარი მიიღეს. მე–9 არხისგან განსხვავებით მუშაობა არ შეუწყვეტია სააგენტო “ინფო 9″–ს. 

 

20 აგვისტოს კი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გვერდი შეიქმნა  “ვყიდულობთ მე–9 არხს, ვქმნით სააქციო საზოგადოებას” და საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე მიმართვა გავრცელდა, მეცხრე არხის ყიდვის სურვილით. 

 

აღნიშნულ ინიციატივას პრემიერ–მინისტრის აპარატიდან გამეხმაურნენ და მეცხრე არხის ყიდვის მსურველთა ჯგუფს მიმართეს, რომ პრემიერისთვის ოფიციალური განცხადებით მიემართათ. აღნიშნული მოთხოვნა ჯგუფმა დააკმაყოფილა. 

 

22 აგვისტოს არხის ყიდვის სურვილი გამოთქვა “ომეგა ჯგუფმა“. ტელეკომპანია „იბერიის“ ერთ–ერთმა  დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ დაადასტურა, რომ „ომეგა ჯგუფს“ მეცხრე არხის აპარატურის შესყიდვა და კომპანიის თანამშრომლების დასაქმება სურს.

 

ტელეკომპანია “იბერია”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა.  ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დღეს, 24 აგვისტოს, მეცხრე არხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც იგი მეცხრე არხის შეძენას აღარ აპირებს. 

 

“მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა, მონაწილეობა მიმეღო მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია ” იბერიის” სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითიეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს”–ნათქვამია განცხადებაში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *