ახალი ამბებისამართალი

რას ჰყვებიან მხარეები ქუთაისში დაკავებული ექიმის საქმეზე

1 თებერვალი, 2018 • 2935
რას ჰყვებიან მხარეები ქუთაისში დაკავებული ექიმის საქმეზე

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ახალი N2 სამშობიარო სახლის” მთავარ ექიმსა და დირექტორს გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობის ბრალდებით 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით, ხოლო მომჩივანი მხარე ახალ სარჩელზე ფიქრობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 25 იანვარს სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ექიმი  დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ს 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა როგორც დაზარალებულ, ასევე, მოპასუხე მხარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის ახალი მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმი და დირექტორი იყო, თუმცა 2012 წელს “ქუთაისის #3 სამშობიარო სახლში” მუშაობდა, სადაც მას 18 ივლისს ორსულმა ქალმა მიმართა და აღრიცხვაზე დადგა. 2013 წლის 7 იანვარს ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ხოლო 10 იანვარს უკვე სახლში გაწერეს. რამდენიმე დღეში ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა, თუმცა, პროკურატურის მიერ სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით, მერკვილაძემ მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარა, რის შედეგადაც ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 2013 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. მერკვილაძეს ბრალი 2014 წლის 4 ივლისს წარუდგინეს და 2018 წლის 25 იანვარს სასამართლო დარბაზში დააკავეს.

დაპატიმრებული ექიმის ცოლი

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ირაკლი მერკვილაძის ცოლი და კოლეგა ეკატერინე ჩინჩილაძე. “ნეტგაზეთთან” საუბრისას საქმის დეტალებს ასე ჰყვება:

“საკეისრო კვეთა გაკეთდა გართულების გარეშე, მას ესწრებოდა გარდაცვლილის დედა, ალა მატინოვა. დაიბადა ცოცხალი ახალშობილი, რომელსაც პრობლემები არ ჰქონდა. შემდეგ ლოგინობის ხანა წარიმართა გართულების გარეშე, ჭრილობა შეხორცებული იყო და ბინაზე გაიწერა – დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ცოცხალ ახალშობილთან ერთად” – აცხადებს ეკატერინე ჩინჩილაძე.

მისი თქმით, პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც საკეისროდან რამდენიმე დღეში მერკვილაძეს გარდაცვლილის მეუღლე დაუკავშირდა და ტელეფონით დიაგნოზის დასმა მოსთხოვა, რაზეც ექიმმა უარი უთხრა.

“გარდაცვლილის მეუღლე მაინც დაჟინებით ითხოვდა ტელეფონით დიაგნოზის დასმას, ის საავადმყოფოშც მოვიდა და განაცხადა, რომ უსახსრობის გამო მეუღლის ჰოსპიტალიზაცია შეუძლებელია. რაზედაც ბატონმა ირაკლიმ, განუცხადა, რომ ყველანაირად დაეხმარებოდა, ოღონდ პაციენტი  მოეყვანათ საავადმყოფოში”

ეკატერინე ჩინჩილაძის თქმით, როდესაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, “მაგრამ ჰქონდა ქოშინი”.

“ირაკლი ექიმმა იეჭვა, რომ ეს შესაძლოა გინეკოლოგიური დაავადება არ ყოფილიყო, ამიტომ გაასინჯა თერაპევტს. თვითონაც გასინჯა, როგორ გინეკოლოგმა, თუმცა  საკეისროს შემდეგ რაიმე გადახრა ვერ აღმოუჩინა, ანალზები აუღო და  სტაციონარში მოათავსა… გარდა ამისა, გააფრთხილა, რომ მას მკურნალობა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთგზის ვარწმუნებდით მას, დარჩნილიყო სტაციონარში, მან და მისმა მეუღლემ საავადმყოფო თვითნებურად დატოვეს ისე, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით და ვერ მოვახერხეთ ე.წ. “უარის ჟურნალში”  მათი გატარება”, – განმარტავს ჩინჩილაძე.

ჩინჩალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქალმა თვითნებურად დატოვა საავადმყოფო და მისი მდგომარეობა გაუარესდა, ოჯახმა არაერთხელ გამოიძახა სასწრაფო ბრიგადა.

 “მათ რამდეჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა უარს აცხადებდნენ სტაციონარში გადასვლაზე, ხელსაც აწერდნენ შესაბამის დოკუმენტს. საბოლოოდ,  როდესაც მდგომარეობა კრიტიკული იყო, სასწრაფოს ბრიგადამ ის საკაცით გადაიყვანა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”- განაცხადა ეკატერინე ჩინჩილაძემ და დასძინა, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ადამიანებმა, მათ შორის სამედიცინო პერსონალმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, დაადასტურეს, რომ ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა:

“რომელსაც არ ჰქონდა [პაციენტის] საფუძვლიანად მოვლის საშუალება. ცალკე პრობლემაა, რომ ის არც ექიმს უჯერებდა და ვერც თვითონ უვლიდა საკუთარ თავს. მას [პაციენტს] ხელიც აქვს მოწერილი დოკუმენტზე, სადაც უარს აცხადებს საავადმყოფოში დაბრუნებაზე. საქმეში დევს ეს მასალები”, – განაცხადა ჩინჩილაძემ.

როგორც ჩინჩილაძე განმარტავს, საქმეში ძალიან ბევრი ხარვეზია, მათ შორის ის, რომ ექსპერტიზის შედეგად გარდაცვლილის სისხლში ფსიქოტროპული საშუალება იპოვეს, რომელიც მცირე დოზით გამოიყენება დასამშვიდებლადაც, თუმცა ამაზე სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა. მისივე ვარაუდით, სასამართლოზე ზეწოლა იყო როგორც პროკურატურის, ასევე, საავადმყოფოს კონკურენტების მხრიდან.

გარდაცვლილი პაციენტის დედა

ეკატერინე ჩინჩილაძის ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის დედა ალა მატინოვა. მისი თქმით, როდესაც მისი ქალიშვილი ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიიყვანეს, მას მუცლის ღრუში სისხლის კოლტები აღმოაჩნდა. მან ასევე უარყო ჩინჩილაძის სიტყვები იმის შესახებ, რომ მისი შვილი საავადმყოფოდან თვითნებურად წამოვიდა.

მივიყვანეთ საავადმყოფოში, გაუკეთეს ანალიზები და ექოსკოპია, სადაც ჩანდა, რომ მუცლის ღრუში მას სისხლის კოლტები ჰქონდა, რის გამოც ბატონ ირაკლის საავადმყოფოში უნდა დაეწვინა, თუმცა ამის სანაცვლოდ მან დანიშნულება მისცა და სახლში გაუშვა. ჩემი ქალიშვილი საავადმყოფოდან გაპარული არ არის, მაგაზე კალიგრაფიის ექსპერტიზაა ჩატარებული და დამტკიცებულია, რომ ხელმოწერა, რომელიც საავადმყოფომ სასამართლოზე წარადგინა მკურნალობაზე უარის შესახებ,  იყო გაყალბებული და ჩემს შვილს არ ეკუთვნოდა ხელმოწერა” – განმარტა ალა მატინოვამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ გარდაცვლილის მეუღლე ექიმს ტელეფონით სთხოვდა დიაგნოზის დასმას.  როგორც ალა მატინოვა ამტკიცებს, მას არასდროს ჰქონია სოციალურად დაუცველის სტატუსი და არც დახმარება მიუღია საავადმყოფოსგან.

“არანაირი საუბარი ჩემს სიძესა და ირაკლი მერკვილაძეს შორის არ ყოფილა. სასამართლოს დროს ბატონი ირაკლის ტელეფონი შემოწმებულია და გაირკვა, რომ  ჩემს სიძესთან, ჩემს ქალიშვილთან და ჩემთან არანაირი ზარი არ განუხორციელებია. ეს არის აბსურდი. არც არანაირი დახმარება მიგვიღია საავადმყოფოდან. საკეისროს ოპერაციისთვის მე 900 ლარი გადავიხადე. არანაირ წამლებზე და დახმარებაზე საუბარი არ იყო. მეც და ჩემი სიძეც ყოველთვის  ვმუშაობდით”, – განაცხადა მან.

მატინოვას თქმით, მოპასუხე მხარე აპელირებდა იმაზე, რომ ოჯახს წამლები არ ჰქონდა, თუმცა ეს ასე არ იყო.

“ბატონი ირაკლი იმასაც იძახდა, რომ  ჩემს ქალიშვილს წამლები მიღებული არ ჰქონდა… სახლში წამლები არ გვქონდა თითქოს, ის წამლები ფოტოზეა გადაღებული. ექთანიც წაყვანილი მყავდა, ის ექთანი დადიოდა ჩემს ქალიშვილთან სახლში. წამლების სურათები საქმეში დევს”.

როგორც  მატინოვა განმარტავს, კლინიკა არათუ მისმა ქალიშვილმა, არამედ თავად მერკვილაძემ დატოვა, ხოლო ის ბლანკი, რომლის მეშვეობითაც საავადმყოფოს პაციენტი უნდა გაეფრთხილებინა – ცარიელია.

“ერთადერთი, ვინც მართლა გაიპარა, არის ბატონი ირაკლი, რომელიც არ დაელოდა არც ექოსკოპიის და არც ანალიზების პასუხს…  თავის ექთანს დაუწერა დანიშნულება და ისე წავიდა კლინიკიდან, პაციენტი საერთოდ არ უნახავს.  ის ბლანკები, რომლის მიხედვითაც, ჩემი შვილი უნდა გაეფრთხილებინათ, რა ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის წამოვიდოდა საავადმყოფოდან, შევსებული არ არის. თუ გაიპარნენ, რატომ გააყალბეს ხელმოწერა?”

მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი ენდომეტრიტი, სეფსისი და ტრომბოემბოლია იყო, თუმცა, ირაკლი მერკვილაძის ვერსიით, ქალი პნევმონიით დაიღუპა. მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დროული რეაგირების შედეგად, მისი შვილის გადარჩენა შესაძლებელი იყო.

“სამხარაულის ბიუროს ხუთივე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩემი შვილის გადარჩენა დროული რეაგირების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო. რაც შეეხება სასწრაფო ბრიგადებს,  უარი მე ვუთხარი, რადგან დავინახე მათი არაკომპეტენტურობა. მათ არც წნევა გაუზომავთ, არც ფილტვები და არ იცოდნენ სად უნდა წაეყვანათ ჩემი ქალიშვილი”.

მან ასევე უარყო ის ვერსია, რომლის მიხედვითაც, მის ქალიშვილის სისხლში ფსიქოტროპული საშუალება იყო და განამრტა, რომ ირაკლი მერკვილაძემ უნდობლობა გამოუცხადა სამხარაულის ბიუროს და სხვა ექსპერტი დაიქირავა, რომელმაც ეს გარემოება დაადგინა.

მატინოვას თქმით, ის აპირებს დაელაპარაკოს პროკურორს და არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს მორალური კომპენსაციის მოთხოვნით.

“არ ვცდილობ ჩემი შვილის სიკვდილით ფულის გაკეთებას, მაგრამ ვაპირებ, რომ საქალაქო სასამართლოში შევიტანო სარჩელი და მოვითხოვო მორალური კომპენსაცია იმიტომ, რომ ჩემს ქალიშვილს დარჩა მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც დედა არასდროს უნახავს” – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი