ახალი ამბებიტექნოლოგიები

საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველაზე იაფი ღირს

1 თებერვალი, 2018 • 4078
საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველაზე იაფი ღირს

“მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა” სტატისტიკაზე დაყრდნობით იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ინტერნეტი ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირია.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ფართოზოლავანი ინტერნეტის ყოველთვიური პაკეტის საშუალო ღირებულება 16.68 აშშ დოლარია. საქართველო ამ კუთხით შედგენილ რეიტინგში მე-10 ადგილზეა. 16.68 აშშ დოლარი დაახლოებით 42 ლარია. 

რეიტინგის პირველ ადგილზე ირანია, ხოლო ბოლოზე – ბურკინა ფასო.

სტატისტა

იაფია თუ არა ინტერნეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის?

მართალია, საქართველო ინტერნეტის სიიაფით რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად იაფია მოსახლეობისთვის ინტერნეტი საქართველოში?

საქსტატის ინფორმაციით,  საქართველოში დასაქმებულთა საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებთ 11 ათასი ლარია. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული დასაქმებული წლიური ხელფასიდან საშუალოდ დაახლოებით 5%-ს იხდის ინტერნეტის გადასახადში. 

მეორე მხრივ, ზემოხსენებული რეიტინგში აშშ თვეში 66.7 დოლარის (166 ლარი) გადასახადით 114-ე ადგილს იკავებს და საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეიტინგში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს, US Census მიხედვით, საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 59 ათასი დოლარია. გამოდის, რომ აშში-ს მოქალაქე წელიწადში ფართოზოლავანი ინტერნეტის პაკეტში თავისი შემოსავლის მხოლოდ 1.5 პროცენტს ხარჯავს, როცა საქართველოს მოქალაქეს ინტერნეტის პაკეტი წლიური შემოსავლის 5% უჯდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წერს, რომ დღეს ინტერნეტი მნიშვნელოვანი რესურსია და ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად ითვლება. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილია. მთავრობები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდოს.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 46% პროცენტი მოიხმარს ინტერნეტს. Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშით, საქართვეველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა იზრდება, თუმცა ფასები და ინტერნეტის სიჩქარე კვლავ პრობლემად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი