ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ მიაჩნიათ საქართველოს მთავარ მეგობრად და მტრად – კავკასიის ბარომეტრი

1 თებერვალი, 2018 • 3275
ვინ მიაჩნიათ საქართველოს მთავარ მეგობრად და მტრად – კავკასიის ბარომეტრი

CRRC-საქართველოს კვლევაში “კავკასიის ბარომეტრი” მოსახლეობის 40% რუსეთს მიიჩნევს საქართველოს მთავარ მტრად, 25%–ს კი მიაჩნია, რომ მთავარი მეგობარი არის აშშ.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი?” ყველაზე მეტი, 25% ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია საქართველოს მთავარი მეგობარი.

ჩამონათვალში მეორე ადგილს აზერბაიჯანი და უკრაინა იყოფენ 7–7%–ით. რუსეთსა და თურქეთს მეგობრად მიიჩნევს გამოკითხულთა 6–6%. 17% მიიჩნევს, რომ არცერთი არაა საქართველოს მეგობარი. 25%–მა კი არ იცის, რომელია საქართველოს მთავარი მეგობარი.

კითხვაზე, “რომელი ქვეყანაა საქართველოს მთავარი მტერი?” გამოკითხულთა 40% თანხმდება, რომ რუსეთია მტერი ქვეყანა. მთავარ მტრად თურქეთს ასახელებს 3%.

21% ფიქრობს, რომ არცერთი არაა საქართველოს მთავარი მტერი, ხოლო 30%–მა არ იცის, ვინაა საქართველოს მთავარი მტერი.

თუ შევადარებთ წინა წლების მონაცემებს, მთავარ მეგობრად ისევ აშშ სახელდებოდა, თუმცა დინამიკა იცვლებოდა. 2013 წელს აშშ–ს მეგობრად 31% მიიჩნევდა, 2015 წელს- 21%. 2017 წელს 4%–ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აშშ–ს მეგობრად მიიჩნევს.

CRRC საქართველოს კვლევა 2017

რაც შეეხება საქართველოს მთავარ მტერს, 2013 წელს გამოკითხულთა უფრო მეტი რაოდენობა, 44% მიიჩნევდა რუსეთს მტრად, თუმცა 2015 წელს გამოკითხულთა 35% მიიჩნევდა, რომ რუსეთი მთავარი მტერი იყო, 2017 წელს კი – 40%.


დღეს, 1 თებერვალს, CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა “კავკასიის ბარომეტრი 2017”–ის შედეგი გამოაქვენა. კვლევა საქართველოს მასშტაბით- დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის- ჩაატარა. ავტორების თქმით, გამოკითხვა წარმომადგენლობითია.

კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 2 379 რესპონდენტი. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოპასუხება- 58%, საშუალო ცდომილებაა 2%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი