როგორც “ნეტგაზეთს” ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა (ნაცმოძრაობის წევრი) განუცხადა, პარუნაშვილის ოჯახის წევრები აღნიშნულ თანხას დღის განმავლობაში გადაიხდიან, რის შემდეგაც პარუნაშვილი გათავისუფლდება.
ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ ადიგენის გამგებელი, რომელიც ნაცმოძრაობის წევრია, უკანონოდ, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშეა დაპატიმრებული. ჩილინგარაშვილის თქმით, იგი სიმონ პარუნაშვილთან ერთად ხვალ, 30 აგვისტოს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს და საუბარი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საკითხსაც შეეხება.
სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟიდან ცოტა ხანში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს , რომელიც თანამდებობაზე ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო დანიშნული და ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა, ასევე, უფლაბამოსილების ბოროტად გამოყენება დასდეს. ჭელაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილის თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, პარუნაშვილი “მთელი ღამის განმავლობაში მუსლიმებთან ერთად იმყოფებოდა ახალციხის პოლიციის შენობასთან და დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა”.
