ახალი ამბები

გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ – ნარმანია მეტროში ნგრევაზე

31 იანვარი, 2018 • 2260
გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ – ნარმანია მეტროში ნგრევაზე

თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისგმებლობას საკუთარ თავზე იღებს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

“მერიას აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მე, როგორც ქალაქის მერი, გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, დანარჩენს [რაც შეეხება] დაველოდოთ გამოძიებას” – განაცხადა მან.

როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, იმ დასკვნებისა თუ დოკუმენტების მიმართ, რაც მეტროს სადგურის  ჩაბარებისას მის ხელთ არსებობდა, პრეტენზიები არ ფიქსირდებოდა. თუმცა, მისივე თქმით, დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა მომხდარი გაკვეთილი იყოს სხვებისთვის.

“ზოგადად, სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიების დიდ ნაწილს დაბალი კვალიფიკაცია აქვს, ან არასათანადოდ ასრულებს სამუშაოს” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, მერია ტექნიკურ ხარვეზებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, თუმცა, გამოძიების დასკვნის საფუძველზე, თავის წილ პასუხისმგებლობას ისიც აიღებს.

“მერია ვერასდროს იტყვის, მაგალითად, რომელიმე კონსტრუქცია უნდა მიამაგრონ თუ  არა. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც წყვეტენ სპეციალისტები და არა პოლიტიკოსები. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და წილ პასუხისმგებლობას ყველა აიღებს, იქნება ეს მერია,  სატრანსპორტო კომპანია, სამუშაოს შემსრულებელი კომპანია, საზედამხედველო თუ საპროექტო კომპანია”- განმარტა დავით ნარმანიამ.

30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.

ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა

როგროც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ვარკეთელის მეტრო დღევანდელი დღის , 31 იანვრის დილის ექვსი საათიდან ფუნქციონირებს. მეტროს პირველ ხაზზე, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია და მგზავრებს ვარკეთილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე მგზავრობა შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი