სამართლიანი არჩევნები
სამართლიანი არჩევნები

ორგანიზაციის შეფასებით, კამპანიის დაწყებიდან დღემდე საარჩევნო დარღვევები, ძირითადად, ერთეული შემთხვევებით შემოიფარგლება და მასობრივ ხასიათს არ ატარებს. მესამე ანგარიშში „სამართლიანი არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედიაგარემოს მხრივ გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებსა და რამდენიმე ფაქტზე. თავის შეფასებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდი მშვიდ გარემოში წარიმართა და განსხვავებით წინა პერიოდისგან, ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

 

“საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ტენდენციების შორის განსაკუთრებით პრობლემატურად უნდა შეფასდეს მედიაგარემოსთან დაკავშირებული რიგი საკითხები. რეგიონულმა გაზეთმა, ,,გურიის მოამბემ“ მუნიციპალიტეტის გამგებელს ბრალი ზეწოლაში დასდო, ხოლო ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ანგარიშსწორებაზე დაიწყო საუბარი. პრემიერ- მინისტრმა საზოგადოებისთვის მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომიანია ,,მე-9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო-9“-ის დახურვის შესახებ.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზეთ „გურიის მოამბის“ ორ ოფისს უზურფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება გაუგზავნა, რის გამოც მედიაორგანიზაცია იძულებულია ერთი თვეში ოფისი დატოვოს. „სამართლიანი არჩევნების“ შეხედულებით, საკრებულოს გაფრთხილებიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა „განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ საჭიროებასთან“ გვაქვს საქმე, რაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი წინსაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვას ეხება, ,,სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკრებულომ წარმოადგინოს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, თუ რა განსაკუთრებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყვიტა ,,გურიის მოამბეს“ უზურფუქტის ხელშეკრულება”, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მედიაგარემოსთან დაკავშირებით ანგარიშში მეორე საკითხი ტელეკომპანია “მაესტროს” უკავშირდება:

 

“ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა ხელისუფლების „ერთი ფრთის“ მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ანგარიშსწორებაზე გააკეთა განცხადება. სატელევიზიო ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებით ეს ხდება მას შემდეგ, რაც ეს ნაწილი მიხვდა, რომ „მაესტრო“ არ დაემორჩილება არანაირ მოთხოვნებს ხელისუფლებიდან და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე, ისევე როგორც იყო ადრე.“ ანგარიშში, მედიაგარემოს თავში, ასევე საუბარია ტელეკომპანია მე–9 არხის დახურვის საკითხზეც: “პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომიანია ,,მე-9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო-9“-ის დახურვის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, მისასალმებელია, ვინაიდან პრემიერ- მინისტრმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი შესაძლებლობაზე, წინასაარჩევნოდ მედი რესურსი მმართველი კოალიციის კანდიდატის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში იმ სატელევიზიო არხის დახურვა, სადაც თოქ-შოუებსა და საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური ხასიათის დისკუსიები სისტემატიურად იმართებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და პოლიტიკური დისკუსიების მრავალფეროვნების თვალსაზრისით ნეგატიური მოვლენაა”.

 

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან და მათ შესაბამისი ინსტრუქციები მისცეს, რაც ცალსახად დადებითან უნდა შეფასდეს.

 

“2013 წლის 19 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ფართომასაშტაბიანი შეწყალების განხორციელებას გეგმავს. პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მის ხელთ არსებული მსგავსი სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება ქმნის განცდას, რომ ეს ქმედება მიზნად ისახავს ამომრჩევლის გულის მოგებას და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას საარჩევნო მიზნით. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი შეწყალება მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მიერ 2006 წლის 14 თებერვალს გამოცხადებულ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ამასთან, პრეზიდენტის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეწყალების ფართომასშტაბიან ინიციატივას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე განხორციელებული მუქარა/ზეწოლის სამი შემთხვევა. “აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა კასპის, ასპინძისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ასპნძის გამგებლის მუქარა სოფლის რწმუნებულების მიმართ, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”.

 

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხს, “სამართლიანი არჩევნები’ ყურადღებას ამახვილებს პრემიერ–მინისტრის მიერ ერთი–ერთი ახალდაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის გადაცემაზე:

 

“პრემიერ-მინისტრმა შუამთობის დღესასწაული მიულოცა ადგილობრივ მოსახლეობას. დღესასწაულის აღნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრიალიანტის ბეჭედი გადასცა. ,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი შეიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს. ორგანიზაციამ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს მას სათანადო შეფასება”.

 

ნინო ლომჯარიას თქმით, საანგარიშო პერიოდში თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისთანავე დღის წესრიგში დადგა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

 

“საარჩევნო კანონმდებლობამ და არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა გარემოება, როცა ახალი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორი და ორი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს პრეზიდენტისა და ცესკოს მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრების სახით, რაც მისასალმებელი მოვლენაა. ამ ვითარებაში, არჩევის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან უფრო მაღალი ნდობით ისარგებლებს, რასაც საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. არასამთავრობო სექტორმა პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. „სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება პრეზიდენტის მიერ გაკეთეულ განცხადებებს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის თაობაზე”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ,,სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ხელისუფლებას – მაქსიმალურად ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების თავისუფალ და დაუბრკოლებელ საქმიანობას; მოუწოდებს ცესკოს პარტიულ წევრებს მმართველი კოალიციიდან – პრეზიდენტის მხრიდან მიუკერძებელი და პროფესიონალი კანდიდატების დასახელების შემთხვევაში, მხარი დაუჭირონ წარდგენილ კანდიდატურებს. ასევე ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს – მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალილებებას; მოუწოდებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას – წევრებმა იმსჯელონ და შეისწავლონ ,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ კომისიის სხდომაზე დაყენებული საკითხები და შეიმუშავონ შესაბამისი რეკომენდაციები. მოუწოდებს სახელმწიფო დაწესებულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს – დროულად უზრუნველყონ მათ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების ინფორმირება და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესების გაცნობა წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაციაში მონაწილეობის თაობაზე; მოუწოდებს ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს – თავი შეიკავონ საკრებულოს წევრებზე ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან; მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას – შეისწავლონ „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებში დაფიქსირებული მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები და გააკეთონ შესაბამისი შეფასებები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *