ახალი ამბები

მეტროსადგურ ვარკეთილის ნგრევის შედეგად 15 დაშავებულიდან 8 კლინიკებში რჩება

31 იანვარი, 2018 • 1969
მეტროსადგურ ვარკეთილის ნგრევის შედეგად 15 დაშავებულიდან 8 კლინიკებში რჩება

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისის 4 საავადმყოფოში გადაანაწილეს. როგორც კლინიკებში ნეტგაზეთს განუცხადეს, დღეს 7 დაშავებული გაეწერება სახლებში, ხოლო 8 საავადმყოფოში განაგრძობს მკურანლობას. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

[red_box]დაშავებულების მდგოამრეობა[/red_box]

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გუშინ 6 ადამიანი მიიყვანეს და ერთი მალევე გაწერეს, თუმცა საღამოს ისევ დააბრუნეს კლინიკაში, რადგან თავის ტკივილები აწუხებდა. როგორც ჰოსპიტალის განყოფილების გამგემ, არჩილ ჯობიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, დღეს 3 პაციენტი გაეწერება. მისი თქმით, 3 პაციენტი კვლავ განაგრძობს მკურნალობას: ორს ტვინის შერყევა აქვს, ხოლო ერთს მარცხენა ლავიწის ოპერაცია ჩაუტარდა:

სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რომლებიც გაეწერნენ, ხოლო დანარჩენი სამის- მეტნაკლებად საშუალო სიმძიმის.”

ინგოროყვას კლინიკაში 4 დაშავებული მიიყვანეს. ერთი გუშინვე გაეწერა, ხოლო სამი განაგრძობს მკურნალობას. როგორც კლინიკის ექიმი, კონსტანტინე მუმლაძე ამბობს, ამ წუთებში კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

ორს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”

ამტელ ჰოსპიტალში სასწრაფომ 4 დაშავებული მიიყვანა, მათ შორის, ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, პაციენტებს აღენიშნებოდათ მრავლობითი დაჟეჟილობები და ნაკაწრები:

დაშავებულებს ყველანაირი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდათ. სამი პაციენტი დღეს გაეწერება, ხოლო ერთი დარჩება კლინიკაში და განაგრძობს მკურნალობას – ახალგაზრდა ქალს ხერხემლის ტკივილები აქვს და ვერ დგება ფეხზე.”

ოპტიმალ მედიში სასწრაფომ ერთი დაშავებული მიიყვანა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ახალგაზრდა ქალს დღეს უტარდება კვირისტავის ოპერაცია:

მდგომარეობა სტაბილურია, არ არის მძიმე პაციენტის მდგომარეობა.”

[red_box]ნგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში – უახლესი ამბები[/red_box]

30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.

სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა. მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

როგროც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ვარკეთელის მეტრო დღევანდელი დღის, 31 იანვრის დილის ექვსი საათიდან ფუნქციონირებს. მეტროს პირველ ხაზზე, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია და მგზავრებს ვარკეთილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე მგზავრობა შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი