ახალი ამბები

ადიგენის გამგებელი მინარეთის დემონტაჟის გამო არ დაუკავებიათ

27 აგვისტო, 2013 • 1465
ადიგენის გამგებელი მინარეთის დემონტაჟის გამო არ დაუკავებიათ

ადიგენის გამგებელს, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტეის მიერ გამოცხადებული ორი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ კომპანიას მიანიჭა უპირატესობა, რაც, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაა. 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფით, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ საწარმოს შპს „ადიგენი 2009“-ს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

“ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ, სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს „ნამქერი“-ს მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის, ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს „ნამქერი“ გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ, როდესაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს „ნამქერი“-ს დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლითა და 342–ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამ  წლამდე ვადით.


სიმონ პარუნაშვილი 2009 წლიდან არის ადიგენის გამგებელი და, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ის არ შეცვლილა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობის წევრია ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი