ახალი ამბები

შსს: ჭელაში მომხდართან დაკავშირებით 10 ადამიანი მოწმის სტატუსით დავკითხეთ

27 აგვისტო, 2013 • 1137
შსს: ჭელაში მომხდართან დაკავშირებით 10 ადამიანი მოწმის სტატუსით დავკითხეთ

“სულ 19 იყო. 10 მოწმის სახით დაიკითხა და გაუშვეს. 3 პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 353-ე მუხლის მეორე ნაწილით. 6 პირის მიმართ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით,”-განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოწმის სახთ დაკითხული ადამიანები დაკავებული არ ყოფილან, ისინი “მიიყვანეს, დაკითხეს მოწმის სტატუსით და გაათავისუფლეს.” ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიხედვით დაკავებულ პირებს, შსს-ს განცხადებით, ჯარიმები მოელით, რომელსაც სასამართლო დააკისრებს მათ. 

 

დაკავებული პირები სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მინარეთის მოხსნის დროს დააკავეს. მათი გათავისუფლებისა და მინარეთის ხელახლა დამონტაჟების მოთხოვნთ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავრი სამმართველოს შენობასთან მოქალაქეების აქცია გუშინ და დღეს იმართება.  

 

გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. ჭელაში მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი