“ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პუტინის თხოვნით, მისი დააკავება შეთხზული კორუფციის ბრალებით აქვს გადაწყვეტილი.

“რუსეთის ჩანაფიქრი ძალიან ნათელი იყო. რუსეთს სურს ან მოკულული, ან დაპატიმრებული მიხილოს. ეს იყო რაც პუტინმა თქვა”– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბლუმბერგთან საუბრისას, რომელიც 22 აგვისტოს ბათუმში შედგა.
23 აგვისტოს ასევე გავრცელდა “ბლუმბერგის” ინტერვიუ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს კორუფციის გამო.
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველო ელიტურ კორუფციაში იხრჩობოდა და სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, ან შეიძლება ჩართულიც კი ყოფილიყო მასში”, – ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი გამოძიებასა და სასამართლოზეა დამოკიდებული, თუმცა სააკაშვილის მიმართ გარკვეული საკითხები არსებობს”.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ინტერვიუში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელისუფლების პირობებში ნატოსთან და ევროკავშირთან განვითარებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა:
“ის [პრემიერ–მინისტრი] არ მიუწვევიათ ვაშინგტონში იმ თვეების განმავლობაში, რაც ხელისუფლებაშია. არ მიუწვევიათ არცერთ ევროპულ დედაქალაქში, საქართველოს არცერთ ლიდერს არ შეუძლია თავს ქვეყნის იზოლაციის უფლება მისცეს”,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება, საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერსაა დანიშნული.






