ახალი ამბებიტექნოლოგიები

ფეისბუკის საინტერესო და გამოსადეგი ქართული ჯგუფები

1 თებერვალი, 2018 • 8445
ფეისბუკის საინტერესო და გამოსადეგი ქართული ჯგუფები

ფეისბუკის მომხმარებლები ხშირად ღიზიანდებიან იმის გამო, რომ გაუგებარ და გამოუსადეგარ ჯგუფებში ამატებენ, რომლებსაც ძირითადად კომერციული მიზნებისთვის ხსნიან და ასობით ათასი ადამიანის ვირუსულად დამატების შემდეგ გარკვეულ ფასად ყიდიან.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ ჯგუფების ჩამონათვალს, სადაც მხოლოდ თემატური სიახლეები ქვეყნდება და შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე საჭირო რჩევებიც მიიღოთ.

მოგზაურთა კლუბი – Cheap Travel Georgia

ჯგუფი წარმოადგენს იაფად მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარების საშუალებას. ადმინისტრატორების მიერ შედგენილი წესებით, სანამ რაიმე შეკითხვას დასვამს, უნდა გადაამოწმოს “ჯგუფში ძებნის” საშუალებით თქვენთვის საინტერესო საკითხი, რადგან ეს საკითხი შესაძლოა უკვე განეხილათ.

ჯგუფში აკრძალულია ისეთი პოსტის ან კომენტარის დადება, რომელიც პირდაპირ ან ირიბ წინააღმდეგობაში მოდის უვიზო მიმოსვლის ფარგლებში დაკისრებულ ვალდებულებასთან, (90-დღიანი პერიოდის დარღვევა, ლტოლვილად ჩაბარება, კრიმინალი ან მსგავსი), ასევე, თუ  შეიცავს რაიმე ტიპის მოგზაურობასთან არდაკავშირებულ კონკურსის ლინკს, ლაივ-ვიდეოს ან მსგავს კონტენტს.

მოგზაურთა კლუბში აკრძალულია საკუთარი ბლოგის ან გვერდის პოპულარიზაციისკენ მიმართული პირდაპირი ან არაპირდაპირი ქმედებების განხორციელება, ნებისმიერი სახით ან ფორმით რაიმეს რეკლამირება (განსაკუთრებით დარგობრივი ტურისტული კომპანიების და მასთან ასოცირებული ფასიანი მომსახურების) და სხვა მოგზაურობასთან არადაკავშირებული ინფორმაციის განთავსება.

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის საზოგადოებრივი ჯგუფის მიზანია ლაშქრობით დაინტერესებული პირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და ფედერაციაში შემავალი მოლაშქრეთა კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფი შეკითხვებისთვის, ემოციების გაზიარებისთვის და ერთმანეთის გასაცნობად.

ჯგუფში კატეგრიულად აკრძალულია ნებისმიერი სახის კომერციული პოსტი (გარდა ფედერაციის მოლაშქრეთა კლუბებისა). ასევე, აკრძალულია პოსტები, რომლებიც შეიცავს რასობრივ, სქესობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ დისკრიმინაციულ ელემენტებს. წესების მიხედვით, მსგავსი ქმედებების ავტორები აუცილებლად დაიბლოკებიან ჯგუფიდან. ჯგუფშ ასევე იკრძალება დისკუსიები არასალაშქრო თემატიკებზე. წერის დროს უნდა გამოიყენთ ქართული ასოები.

Georgian Web & Mobile Development Industry

ადმინისტრატორების განცხადებით, ჯგუფის მიზანია ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება ვაკანსიების და დროებითი პროექტების შესახებ. ჯგუფის წევრები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს და მართავენ დისკუსიებს თემატურ საკითხებზე. ასევე, როგორც ამ ჯგუფის აღწერაში ვკითხულობთ, მათი მიზანია: ინდუსტრიის გამჭირვალეობა, ერთმანეთის გაცნობა და საერთო სასარგებლო გეგმების დანერგვა.

რემონტი

ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას რემონტის შესახებ. ჯგუფში წაიშლება არათემატური პოსტები, ნივთების/ავეჯის/ბინების ყიდვა-გაყიდვა, არათემატური მომსახურების შეთავაზება, საქველმოქმედო პოსტები. ჯგუფის ადმინისტრაცია მიესალმება სარემონტო მასალების ერთმანეთისთვის გაჩუქებას და რეკომენდაციებს.

წესების მიხედვით, რემონტთან დაკავშირებული სარეკლამო პოსტების განთავსება დაშვებულია მხოლოდ კვირადღეს, კერძოდ: სარემონტო სამუშაოები და მომსახურება, დალაგება/დასუფთავების მომსახურება, ავეჯის დამზადების მომსახურება, გათბობა/ვენტილაცია, მშენებლობა, დიზაინი, სანქტენიკა, ფასები და ა.შ.

მწვანე საქართველო-ჯანმრთელი მომავალი

ჯგუფში გაწევრიანებულები არიან გარემოს დამცველები. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აწუხებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს.

4/4 – ცხოველთა მოყვარულები

ჯგუფში გაწევრიანებულები არიან ცხოველთა დამცველები და მოყვარულები. წესების მიხედვით, ცხოველებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის “გამპრავებლები” დაიბლოკებიან სამუდამოდ. ჯგუფში ნებადართულია შემდეგი შინაარსის ინფორმაციის განთავსება: მიუსაფარი ცხოველების დახმარება, თავშესაფრის შესახებ არსებული ინფორმაცია, საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესახებ ინფორმაცია, პატრონიანი ძაღლის/კატის დახმარების (მკურნალობა, გაჩუქება, პოვნა, დაკარგვა) შესახებ.

აკრძალულია: ძაღლების/კატების ყიდვა-გაყიდვის შესახებ პოსტები, პირადი ხასიათის კონფლიქტები, შეურაცხყოფის მიყენება, დეზინფორმაციის გავრცელება, ძაღლების/კატების შეჯვარების და გამრავლების შესახებ პოსტები. ასევე, სხვა ინფორმაცია ჩაითვლება არათემატურად და წაიშლება.

საქართველოს ველური ბუნება – Wildlife in Georgia

ადმინისტრატორების ინფორმაციით, ჯგუფის მიზანია, მომხმარებელს გააცნონ ის სიმდიდრე, რასაც საქართველოს ბუნება, კერძოდ, ფაუნა ჰქვია. კავკასიაში ბინადრობს ფაუნის მრავალი ენდემური სახეობა, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გამოსაზამთრებლად მიმავალი ფრინველები კი საქართველოს ტერიტორიას იყენებენ დასასვენებლად იმ დიდი, მომქანცავი მოგზაურობისას, რომელსაც მიგრაცია ეწოდება.

ჯგუფის წევრები მიესალმებიან, თუ მათი ჯგუფი ხელს შეუწყობს საქართველოს ბუნების პოპულარიზებას და მის დაცვას, ასევე, თუ ამ დარგის სპეციალისტები და ფოტოგრაფები გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებასა და ფოტოგადაღების წესებს. ჯგუფში მკაცრად იცავენ საავტორო უფლებებს.

როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, დროთა განმავლობაში ჯგუფში შეიქმნება სახეობების სარკვევი ალბომები, რაშიც მონაწილეობას მიიღებს ჯგუფის ყოველი წევრი. სახეობების გარკვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ჯგუფის ადმინისტრატორებს.

წიგნების გაცვლა (გაყიდვა, ჩუქება, თხოვება, გაქირავება, და ა.შ)

ჯგუფში შეგიძლიათ ატვირთოთ მხოლოდ თქვენი წიგნის ფოტოსურათი და ლაკონურად აღწეროთ, მაგალითად: ვყიდი, გავცვლი, მათხოვეთ და გავაჩუქებ. სასურველია, რომ გასაყიდი წიგნის ფოტოსურათზე აღწერაში მიუთითოთ ფასიც.

წესების მიხედვით, არათემატური პოსტები წაიშლება, მაგალითად: “მაჩუქეთ რამე წიგნი”, “ეს ნაწყვეტი რა წიგნიდანაა”, “რა ვაჩუქო 47 წლის ბიჭს, რომელსაც უყვარს ფეხბურთის თამაში”, “რას ფიქრობთ ამ წიგნზე” და ა.შ.

Georgian VEGANS/Vegetarians

ჯგუფი შექმნილია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას, რეცეპტებს, ვიდეოებს, სურათებს, საკუთარ გამოცდილებას და საუბრობენ სხვადასხვა თემატურ საკითხზე.

დუკანის დიეტა – საქართველო

ამ გუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ცნობილი დუკანის დიეტის შესახებ.

დღეს რა ვჭამოთ?

ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას საკვები ობიექტებისა და პროდუქტების შესახებ, ასევე, რეცეპტებსა და მათ მიერ მომზადებულ საჭმელებს.

მაინინგი – საქართველო (კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი)

ჯგუფი შექმნილია კრიპტოვალუტის შესახებ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად. ჯგუფის წევრები განიხილავენ ბიტკოინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიახლეებს. ასევე, ერთამანეთს უზიარებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რომელი მაინერით შეუძლიათ სარგებლობა, რა თანხა დაუჯდებათ ეს და ა.შ.

ასტრონომიის მოყვარულთათვის

ეს არის საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაწევრიანება. ჯგუფი, ასევე, წარმოადგენს საქართველოს ასტრონომიის კლუბისა და საიტ Astronet.Ge-ს ოფიციალურ საინფორმაციო პორტალს.

ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა

ეს არის საუკეთესო ჯგუფი მათთვის, ვისაც ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა აინტერესებს. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ თემატურ ინფორმაციას ახალი წიგნების, ფილმებისა და სერიალების შესახებ. ასევე, ნახავთ ამავე ფილმებისა და სერიალების მიხედვით შექმნილ ხუმრობებს, ქარდებსა და სახალისო ქუბებს.

თეოლოგიური საკითხებით დაინტერესებულთა კლუბი

ჯგუფი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მსჯელობა ან ინფორმაციის მიღება თეოლოგიურ საკითხებზე. აქ უპირატესობა არ ენიჭება არცერთ რელიგიურ თუ არელიგიურ მიმდინარეობას, არამედ ყველა წევრი ერთნაირი უფლებებით სარგებლობს.

ჯგუფის ყველა წევრს, მიუხედავად სარწმუნოებისა, ეროვნებისა თუ სოციალური სტატუსისა, აქვს უფლება თავისუფლად და დაუბრკოლებლად გამოხატოს თავისი აზრი.

ხელოვნების ისტორიკოსები

ამ ჯგუფში განიხილება ყველა საკითხი, რაც ხელოვნებას უკავშირდება საქართველოში. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საინტერესო თემატურ ინფორმაციებს.

ვურჩიოთ ერთმანეთს ფილმები

თქვენ შეგიძლიათ დღეში შესთავაზოთ ჯგუფის სხვა წევრებს 1 ფილმი და აუცილებლად გაუკეთოთ რეცენზია, თუ რატომ არის საინტერესო და ა.შ. ჯგუფის წევრები არ ეხებიან შედევრებს, რომლის შესახებაც ისედაც ბევრი დაწერილა, მაგალითად: ფორესტ გამპს, შინდლერის სიას და ა.შ. ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ცდილობენ, ინფორმაცია განათავსონ ისეთი ფილმების შესახებ, რომელიც შესაძლოა ნანახი არ გქონდეთ.

მსოფლიო ავიაცია

სანამ დახურულ ჯგუფში გაწევრიანდებით, ყურადღებით წაიკითხოთ ჯგუფის რამოდენიმე წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. წესების დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე იქნება გაფრთხილება, ხოლო თუ განმეორდა წესის დარღვევა, მაშინ სამუდამო ბანი დაგედებათ. წესები მდგომარეობს შემდეგში: ჯგუფში საუბრობენ მხოლოდ მსოფლიო ავიაციაში მიმდინაერე ამბებზე და იკრძალება ნებისმიერი სახის რეკლამა ადმინისტრატორის ნებართვის გარეშე.

ფოტოები, რომლებსაც ჯგუფში ატვირთავთ, უნდა იყოს კარგი ხარისხის, რათა გარჩევა მოხდეს, რა არის კადრზე გამოსახული. იმ შემთხვევაში, თუ სურათები არ არის თქვენი გადაღებული, აუცილებლად უნდა მიუთითოთ წყარო. პოსტებს, რომლებსაც თქვენ გააზიარებთ/დადებთ, უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე.

თბილისის ველომოყვარულთა კლუბი

თბილისის ველომოყვარულთა კლუბი არის გაერთიანება, რომლის მიზანია შექმნას საერთო სივრცე, სადაც ველომოყვარულები ერთმანეთს გაუზიარებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ჯგუფის ადმინისტრატორები უზრუნველყოფენ იმ ძირითადი მიზნების და წესების დაცვას, რომელსაც ეს გაერთიანება ემსახურება.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც გადაადგილდება ველოსიპედით, უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ან უბრალოდ აინტერესებს საქართველოში განვითარებული სოციალური მდგომარეობა ამ თემატიკასთან დაკავშირებით.

საჩუქრები

ეს ჯგუფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, სხვა ადამიანებს აჩუქონ ნივთები და ასევე თავად იჩუქონ სასურველი ნივთი. ჯგუფი არ შექმნილა ქველმოქმედების მიზნით. მისი მიზანია, უბრალოდ, ადამიანების გახარება და გამხიარულება.

მოყვარული მებაღეები

ჯგუფი მოყვარულმა მებაღეებმა შექმნეს. ისინი არ არიან პროფესიონალები, თუმცა ამ სივრცეში საინტერესო ინფორმაციებს შეიტყობთ მებაღეობის შესახებ. ისინი ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, ცვლიან მცენარეებს და იღებენ ინფორმაციას მცენარეთა მოვლის, ზრდა/განვითარების, გამრავლების და დაცვის შესახებ.

სახლის მცენარეები და ყვავილები

ჯგუფში წევრები არიან სახლის მცენარეების მოყვარულები, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ამ ჰობის გამოცდილებას. ჯგუფში პერიოდულად ქვეყნდება სასარგებლო ინფორმაცია, რაც ყველა მცენარეების კოლექციონერმა უნდა იცოდეს. ჯგუფის წევრები, ასევე, აქვეყნებენ მათ მიერ გაზრდილი სხვადასხვა ჯიშის ყვავილებისა და მცენარის ფოტოებს.

Astrologia.ge

ეს არის პირველი ასტრო-ეზოთერული ჯგუფი ქართულ ფეისბუკ სივრცეში, ხოლო ჟურნალი Astrologia.ge პირველი ეზოთერული ინტერნეტ-ჟურნალი. ჯგუფის მიზანია ეზოთერული, ასტროლოგიური, ოკულტური ცოდნისა და ქართული მითოლოგიის პოპულარული ენით საზოგადოებისთვის მიწოდება.

პრაქტიკული ასტროლოგია – ასტროზონა

ჯგუფში შეგიძლიათ დასვით კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, რომლებიც ასტროლოგიას უკავშირდება. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, რომელსაც ფლობენ ასტროლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში.

ფოტოგრაფიის მოყვარულთა კლუბი

ჯგუფი, რომელიც არის მოყვარულ ფოტოგრაფთა თავშეყრის სოციალური ადგილი. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, აფასებენ ფოტოებს და აძლევენ რჩევებს. ჯგუფში აზიარებენ მხოლოდ მათი ხედვის ამსახველ საკუთარ ნამუშევრებს.

ფოტოგრაფიის მოყვარულთა ჯგუფის წესების მიხედვით, ფოტოები უნდა ატვირთოთ ერთ რიგად – თითო ატვირთვაზე თითო ფოტო. ასევე, აუცილებლად უნდა დაურთოთ თითოეულს ინდივიდუალურად (EXIF) მონაცემები. ჯგუფში წესებს მკაცრად აკონტროლებენ. ამიტომ, სანამ დამატებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი