ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადიგენში ჩასვლას ხვალ აპირებენ

26 აგვისტო, 2013 •
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადიგენში ჩასვლას ხვალ აპირებენ

 

“ხვალ, დილით ადრე გაემგზავრებიან ჩვენი წარმომადგენლები, თანამშრომლები და ტოლერანტობის ცენტრი… და ადგილზე ვითარებაში გაერკვევიან. ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ განცხადება თუ კომენტარი გავაკეთოთ”, – განაცხადა ომბუდსმენის პრესსამსახურში.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ არ მიდიან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადიგენში დღესვე, რადგან იქ მოვლენები სწორედ ამ წუთებში ვითარდება, ომბუდსმენის ოფისში ასე პასუხობენ:

 

“ახლა ფიზიკურად იქ ჩვენ არავინ არ გვყავს და ახლა რომ წავიდნენ, გვიან ღამამდე ვერ ჩავლენ. დილით ადრე იქ იქნებიან, ადგილზე”.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ადიგენში, სოფელ ჭელაში, მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს 11–მდე ადამიანი დააკავეს, ხოლო დაახლოებით 6 ადამიანი ნაცემია.

 

“გზები გადაკეტილია ყველგან. სოფელ ჭელაში შესასვლელი გზებია გადაკეტილი, რაიონში, რეგიონში შესასვლელი გზებია გადაკეტილი, როგორც მე მაცნობეს, რათა არ მოხდეს ხალხის მისვლა, მობილიზება,”- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ. 

 

„მასე თუ ადამიანს გაიმეტებდნენ, ვერ წარმომედგინა. 80 წლის ხალხს წიხლები ურტყეს. 2 კაცი იმიტომ აიყვანეს, რომ შეგვაგინაო“, – აცხადებს ერთ–ერთი მცხოვრები გაზეთ “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში.

 

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ამ წუთებში ასობით ადამიანი ადიგენისკენ მიემართება, ისინი პოლიციასთან აპირებენ მობილიზებას მანამდე, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნეტგაზეთთან” საუბარში სოფელ ჭელაში რამდენიმე პირის დაკავებას ადასტურებს:

 

“შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობისთვის გაწევისთვის, დანარჩენი დეტალები ზუსტდება”, – განაცხადეს შსს–ში. მათი თქმით, პოლიციის მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების ცემის ფაქტი და პოლიციის ძალადობრივი ქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი