დავით ჩოგაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მინარეთის მშენებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა მეჩეთის აშენების ნებართვა არსებობს და დოკუმენტაცია წესრიგშია:

 

“2007 წელს გავყიდე სახლი. შენობა იყო ნახევრად აშენებული. მე მას სახლად ვაშენებდი, მაგრამ ფინანსურად ვერ გავწვდი. ჩემი ძმა გადავიდა თეთრწყაროში. მე გადავედი მის სახლში, ეს  ნახევრად აშენებული სახლი მივყიდე ხალხს. დოკუმენტურად ეს გაფორმებულია. მეჩეთის პროექტი არსებობს და ეს მშენებლობა არის კანონიერი. ეს მეჩეთი მოქმედებს 7–8 წელია. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ეს მეჩეთი ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა. არ ჰქონდა მინარა და მივადგით მინარეთი. ეს ხომ მეჩეთის განუყოფელი ნაწილია და ამაზე ატყდა ამბავი.” 

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ არსებობს მინარეთის მიდგმის ნებართვა, დავით ჩოგაძე პასუხობს: “ეს ხელისუფლებასთან როგორ იქნებოდა შეთანხმებული? კანონი არ არსებობს, რომელიც ამას არეგულირებს. მინარეთი ორი კვირის წინ მივადგით. ორი კვირის განმავლობაში იყო სიმშვიდე.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვის ინტერესში შედის მინარეთის დემონტაჟი? დავით ჩოგაძე ამბობს, რომ ამაში სასულიერო პირები არიან გარეული:

 

“ვის აინტერესებს, ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ეჭვებით, ცუდად არ გამიგოთ და ერთი–ორი მღვდელია გარეული. ვინც ჯერ ხელმოწერები შეაგროვა, რომ ვითომ ეს ქრისტიანულ მოსახლეობას უშლის ხელს. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მოაგროვეს ყალბი ხელწერები და სხვის მაგივრად სხვამ მოაწერა ხელი. სოფელში ამის წინააღმდეგ არც ერთი ადამიანი არ არის. ხელმოწერები გადავიდა პოლიციაში, შემდეგ კი მოკვლევები ჩატარდა და გამგეობას გადაეცა. ასე ვფიქრობთ, რომ გამგეობის გადაწყვეტილებით მოხდა დემონტაჟი.”

 

 

  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *