ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო “უცნობის” სიძის კომპანიის საქმეზე მოკვლევას არ დაიწყებს

24 იანვარი, 2018 • 1472
კონკურენციის სააგენტო “უცნობის” სიძის კომპანიის საქმეზე მოკვლევას არ დაიწყებს

კონკურენციის სააგენტომ შ.პ.ს “სიტროენ ჯორჯიას” საჩივარი შეისწავლა და დაადგინა, რომ მოკვლევის საფუძველი არ არსებობს. შპს სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძეა. კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით 12 დეკემბერს შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს, შპს ჯი-თი მოტორსის, შპს სტრადა მოტორსის, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს წინააღმდეგ მიმართა. “სიტროენ ჯორჯიას” ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არსებობდა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა ამ კომპანიების კარტელურ შეთანხმებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის განაწილების და ფასების ფიქსირების მიზნით.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება მე-10 მუხლი, რომლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე კომპანიის მიმართ მოკვლევა ვერ დაიწყება;
ასევე, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს, სააგენტოს თანახმად, წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჩივარში აღნიშნული 3 ტენდერი 2016 წლის ნოემბერში უკვე იყო გასაჩივრებული კონკურენციის სააგენტოში. მაშინ სააგენტომ არ დაიწყო მოკვლევა და ეს გადაწყვეტილება კომპანიას არ გაუსაჩივრებია. კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ არ არსებობს არცერთი ახლად აღმოჩენილი გარემოება და ასეთ შემთხვევაში, იმავე დავის საგანზე მოკვლევის დაწყებას კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი