ახალი ამბები

“უცნობის” სიძის კომპანიისთვის გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვაზე გამოძიება დაიწყო

23 დეკემბერი, 2017 • 3601
“უცნობის” სიძის კომპანიისთვის გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვაზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შპს “კონსტრაქტ ვიჟენისთვის” გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი, რეესტრის ინფორმაციით,  გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე გიორგი შარაშიძეა, გამოძიება დაიწყო.

“სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურმა დაიწყო გამოძიება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით” – ნათქვამია საგამოძიებო სასმახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს “კურიერში” გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ  2016 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანიას 326 ათას ლარად 13 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწა და ოთხი შენობა გადასცა, სადაც მინა-პლასტიკის საწარმო უნდა აშენებულიყო, თუმცა კომპანიამ პორობა დაარღვია, რის გამოც 2017 წლის ზაფხულში ქონება სახლემწიფომ უკან დაიბრუნა, თუმცა ქონების მართვის სააგენტოსათვის გადაცემულ ტერიტორიაზე შენობები აღარ იდგა.


რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გაასაჯაროა მისი მიმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.  გიორგი კვირიკაშვილის ძმაკაცს/მეგობარს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე, სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. გია გაჩეჩილაძემ გუშინ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ამ საქმეში ჩართულ ჩინოვნიკებს “ბიუჯეტის ვირთხები” უწოდა, რომლებიც, მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის “კრისტალივით სუფთა” სახელით ბოროტად სარგებლობენ.

შპს სიტროენ ჯორჯიამ, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძის დაფუძნებული კომპანიაა, 12 დეკემბერს კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს, შპს ჯი-თი მოტორსის, შპს სტრადა მოტორსის, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს წინააღმდეგ. ჩამოთვლილთაგან პირველი სამი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეგობარ გიორგი კვირიკაშვილს მხოლოდ ერთხელ მიმართა ზაფხულში SMS შეტყობინებით და უთხრა, რომ დიდი უსამართლობა ხდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად მისი მეგობრის პასუხი არ მიუღია.

ვრცლად – შპს სიტროენ ჯორჯიას ბრალდებები ტარიელ ხეჩიკაშვილს და “მეგობარი” პრემიერისგან განაწყენებული გია გაჩეჩილაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი