ახალი ამბები

გაჩეჩილაძეების ოჯახიდან მხოლოდ ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი – პრემიერი

20 დეკემბერი, 2017 • 3490
გაჩეჩილაძეების ოჯახიდან მხოლოდ ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ უცნობს, იგივე გიორგი გაჩეჩილაძეს რომ არ გაკეთებინა მისი გუნდის წევრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, სიტროენ ჯორჯიასთან დაკავშირებულ ტენდერზე კომენტარის გაკეთებას საერთოდ არ აპირებდა. მან ამ საკითხზე პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, როდესაც მას “უცნობი” დაუკავშირდა, საკითხის გარკვევა მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს დაავალა. საბოლოოდ, კვირიკაშილის თქმით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერი კანონიერად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა, როგორ მოახერხა “უცნობთან” დაკავშირებულმა კომპანიამ 12 ათასი კვადრატული მეტრი მიწის მიღება, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ საერთოდ არ ყოფილა საქმის კურსში, გიორგი შარაშიძე უცნობის სიძე რომ იყო.

“გაჩეჩილაძის სიძე თუ იყო იმ კომპანიაში, სტუდია მონიტორის ანგარიშიდან გახდა ჩემთვის ცნობილი”, – თქვა პრემიერმა.

უმცირესობის რეპლიკას, იყო თუ არა უცნობის შვილისა და შარაშიძის ქორწილში ნამყოფი, პრემიერმა უპასუხა, რომ არა. კვირიკაშვილის თქმით, ამ ოჯახიდან მხოლოდ ლევან გაჩეჩიაძლის შვილის ქორწილშია ნამყოფი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი