ახალი ამბები

“უცნობის” სიძემ “სიტროენის” საკითხზე პრემიერს განცხადებით მიმართა

14 დეკემბერი, 2017 • 2669
“უცნობის” სიძემ “სიტროენის” საკითხზე პრემიერს განცხადებით მიმართა

შპს სიტროენ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. როგორც გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს, იმ ვრცელ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე წარადგინეს კონკურენციის სააგენტოში და სასამართლოში, გიორგი კვირიკაშვილიც გაეცნოს.

[red_box]შპს სიტროენ ჯორჯიას საჩივარი – სრულად[/red_box]

გიორგი შარაშიძის განცხადებით, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ის გადადგება, თუ დადასტურდა შპს სიტროენ ჯორჯიას შევიწროება, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს. მიუხედავად ამისა, როგორც გიორგი შარაშიძე აცხადებს, ის ელოდება გამოძიების დასრულებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.

შპს სიტროენ ჯორჯიას დამფუძნებელი და მისი ადვოკატები ეჭვობენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ცალმხრივად აწვდიან ინფორმაციას, რის გამოც გუშინ დარწმუნებით განაცხადა, რომ თითქოს ამ ქვეყანაში არცერთ ბიზნესმენს ავიწროებენ.

გია გაჩეჩილაძის სიძეს დღეს ჰკითხეს, თუ რატომ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ. გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე მოხდა, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში სახელმწიფოსთვის იყო მისაღები. მისი თქმით, ეს და ყველა სხვა პროექტი იმის გამოა შეჩერებული, რომ მათ მიმართ არაერთი უკანონო ქმედება განხორციელდა, რის დამტკიცებასაც ახლა ცდილობენ.

“რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული: ფასები, კონკურენციის არგაწევა ერთმანეთთან, 57 ტენდერის უკონკურენციოდ ჩატარება. მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო შეინარჩუნებს ობიექტურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა შარაშიძემ.

შპს სიტროენ ჯორჯიამ 12 დეკემბერს კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს, შპს ჯი-თი მოტორსის, შპს სტრადა მოტორსის, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს წინააღმდეგ. ჩამოთვლილთაგან პირველი სამი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მომღერალი “უცნობი”, რომელიც თავს უწოდებს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ძმაკაცს/მეგობარს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე, სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. გია გაჩეჩილაძემ გუშინ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ამ საქმეში ჩართულ ჩინოვნიკებს “ბიუჯეტის ვირთხები” უწოდა, რომლებიც, მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის “კრისტალივით სუფთა” სახელით ბოროტად სარგებლობენ.

მეორე დღეს პემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ რომელიმე ბიზნესმენის შევიწროებას დაადგენს სასამართლო, ის თანამდებობას დატოვებს. წინააღმეგ შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილმა “უცნობს” მოუწოდა, ბოდიში მოეხადა მისი გუნდის წევრების შეურაცხყოფისთვის, ხოლო საქებარი სიტყვები უკან წაეღო, რადგან ესეთი ქება მას არ სჭირდება. “მეგობრის” ეს განცხადება გია გაჩეჩილაძეს “მეხივით დაეცა” და განაცხადა, რომ ახლა უკვე თავადაც შეურაცხყოფილია.

შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატები აცხადებენ, რომ არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნული კომპანიების კარტელურ შეთანხმებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის განაწილების და ფასების ფიქსირების მიზნით. ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მათი მხარდაჭერა აღნიშნულ უკანონო ქმედებებში, რაც გამორიცხავს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ბიუჯეტს.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ თავად იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედებენ და ტენდერებშიც მხოლოდ საკუთარი კომპანიების ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი