“მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა, მონაწილეობა მიმეღო მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია ” იბერიის” სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითიეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს”–ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურმა საქმინობა 19 აგვისტოს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან და მისმა ოჯახმა 1–ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მისისვე თქმით, 10 თვის განმავლობაში არხის გაყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ 16 აგვისტოს, ბოლო პოტენციური მყიდველისგან უარი მიიღეს.
20 აგვისტოს კი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გვერდი შეიქმნა “ვყიდულობთ მე–9 არხს, ვქმნით სააქციო საზოგადოებას” და საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე მიმართვა გავრცელდა, მეცხრე არხის ყიდვის სურვილით.
აღნიშნულ ინიციატივას პრემიერ–მინისტრის აპარატიდან გამეხმაურნენ და მეცხრე არხის ყიდვის მსურველთა ჯგუფს მიმართეს, რომ პრემიისთის ოფიციალური განცხადებით მიემართათ. აღნიშნული მოთხოვნა ჯგუფმა დააკმაყოფილა.
22 აგვისტოს არხის ყიდვის სურვილი გამოთქვა “ომეგა ჯგუფმა“. ტელეკომპანია „იბერიის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ დაადასტურა, რომ „ომეგა ჯგუფს“ მეცხრე არხის აპარატურის შესყიდვა და კომპანიის თანამშრომლების დასაქმება სურს.
„ინტერესები არის, რომ „მეცხრე არხი“ მესამედ ფასში შევისყიდოთ. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დაიწყება. ჯერ შეხვედრა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან ბევრი ნიუანსებია დასალაგებელი. მოგეხსენებათ, კომპანია „იბერიას“ ლიცენზია დღესდღეობით დაბრუნებული არ აქვს, მაგრამ, იმედია, რომ დაბრუნდება და მერე ალბათ „იბერია“ გავა ეთერში და აღდგება მაუწყებლობა. როცა იხურება მეცხრე არხი, გვაქვს ინტერესი, რომ ტექნიკური ბაზა და საკმაოდ კვალიფიციური ჟურნალისტების შესაძლებლობები იქნება გამოყენებული.“
ტელეკომპანია “იბერია”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა. „იბერიას’ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზია (№B106 ლიცენზია) ზეწოლით ჩამოერთვა და გადაეცა ტელეკომპანიას ,,აისი”, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა. “იბერიის” კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირის ამჟამინდელი მფლობელი ტელეკომპანია „აისი“, გიორგი არველაძის გენერალური დირექტორობის პერიოდში, „იმედის“ მედიაჰოლდინგის მფლობელობაში შევიდა, ხოლო როდესაც მან “იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ზემოხსენებული სიხშირეც გადასცა. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირე “იმედის” მმართველი ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელობაში აღმოჩნდა.
ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ “ომეგა ჯგუფმა” “იბერიის” სიხშრის დაბრუნებისათვის სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო და პროკურატურას, ასევე, სასამართლოს მიმართა სიხშირის დაბრუნების მოთხოვნით.





