ახალი ამბები

ავღანეთში ორგანიზაციის “გადავარჩინოთ ბავშვები” ოფისზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

24 იანვარი, 2018 • 2065
ავღანეთში ორგანიზაციის “გადავარჩინოთ ბავშვები” ოფისზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

დღეს, 24 იანვარს, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 2 ადამიანი შეეწირა, 12-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამჯერად ტერორისტების სამიზნედ ორგანიზაციის “გადავარჩინოთ ბავშვები” ოფისი იქცა, რომელშიც ავტომობილის აფეთქების შემდეგ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 09:00-ზე დაიწყო. ოფისის შესასვლელთან ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი შენობაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელებს პოლიციის უნიფორმები ეცვათ. აღნიშნული ტაქტიკა მეტად გავრცელებულია ავღანეთში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული მოკლეს, ერთმა კი თავი აიფეთქა. გადარჩენილ თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. Reuters-ის ცნობით, ქვეყანაში მოქმედმა ყველაზე აქტიურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია “თალიბანმა” განცხადება გაავრცელა და თავდასხმასთან კავშირი უარყო.

“გადავარჩინოთ ბავშვები(Save the children)” საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვთა უფლებებზე, მათი ეკონომიკური მდგომარეობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია კონფლიქტით დაზარალებულ 28 ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის, ავღანეთში, სომალიში, ლიბერიაში, სომალისა და სხვა ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი