ახალი ამბები

სააკაშვილი ბობოყვათის რეზიდენციის ჯარისკაცების ოჯახებისთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის

23 აგვისტო, 2013 •
სააკაშვილი ბობოყვათის რეზიდენციის ჯარისკაცების ოჯახებისთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის
 

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს დღეს ბობოყვათის რეზიდენციაში უმასპინძლა. სააკაშვილთან ერთად, ბობოყვათში სანდრა ელისაბედ რულოვსი და უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი იმყოფებოდნენ. დაღუპული მეომრების შვილებმა დღე პრეზიდენტთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეს.

 

„ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროს, ცკ-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუმცა მე აქ იშვიათად ვჩერდებოდი. მინდა, ამიერიდან ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების დასასვენებლად გამოვიყენოთ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა დასასვენებელ სახლად. ალბათ რაღაცებს შეცვლა დაჭირდება ამ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენი სამხედროები ისვენებდნენ  ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილი მებრძოლები ჩამოდიოდნენ რეაბილიტაციისთვის და, რა თქმა უნდა, იმ მეომრების ოჯახის წევრები, რომლებმაც თავი შეწირეს სამშობლოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები აღნიშნულ რეზიდენციაში აგვისტოს დასაწყისიდან ეტაპობრივად ისვენებენ. პრეზიდენტის პრესსამსახურში “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა ბობოყვათის რეზიდენციიდან თავისი ნივთები ჯერ კიდე მაშინ წაიღო, როცა ამის შესახებ განცხადება გააკეთა 2 თვის წინ:

 

„ ჩავაბარე ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია , იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წუწუნი იყო , რომ ძვირი უჯდებოდა მთავრობას და გადმოვედი დედაჩემის ჩვეულებრივ ბინაში”, – ამბობდა მაშინ პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი