შვეიცარიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

შვეიცარიაში ანტიკაპიტალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გამართეს. შვეიცარიელი მემარცხენეები ქვეყანაში დონალდ ტრამპის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ. აქციის დაახლოებით ოცმა მონაწილემ დაცვის კორდონი გაარღვია და დავოსის კონგრესის ცენტრთან მიაღწია. ისინი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გაუქმებას ითხოვდნენ.

“ტრამპი ერთ-ერთია, ვისაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ჩვენ ყოველ წელს ვაპროტესტებთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამართვას. აშშ-ის პრეზიდენტი ამ მსოფლიოს საუკეთესო მაგალითია, “-განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა დემონსტრანტმა. საპროტესტო აქცია გაიმართა ჟენევაშიც. აქციაზე დემონსტრანტებმა მიიტანეს ბანერები, წარწერით “მსოფლიო ეკონომიკური ფიასკო”, “რასისტული, სექსისტური კაპიტალიზმი”.

NBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დავოსში პარასკევს ჩავა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. დავოსში უსაფრთხოებას 4000-ზე მეტი ჯარისკაცი და 1000 პოლიციელი იცავს.

2018 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორმუში მონაწილეობას მიიღებს 3000 დელეგატი, 900 ხელმძღვანელი პირი, მათ შორის, ჩინელი ბიზნესმენი და “ალიბაბა ჯგუფის” დამფუძნებელი ჯეკ მა, Facebook-ისა და IBM-ის წარმომადგენლები. ფორუმს 70 მსოფლიო ლიდერი დაესწრება.

ეკონომიკურ ფორუმს ქართული დელეგაციაც ესწრება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკული კომპანიის Hillwood-ის თავმჯდომარეს, ჰენრი როს პეროტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Hillwood დაინტერესდა საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალით. Hillwood ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს ახლო აღმოსავლეთიდან.

ეკონომიკური ფორუმი წელს 23-26 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს გასული საუკუნის 70-იან წლებში გერმანელმა პროფესორმა კლაუს შვაბმა ჩაუყარა საფუძველი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.