23 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეიმურაზ ჟღენტს, რომელსაც 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს, ბრალდება მოუხსნა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე “ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება” ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შეისწავლეს საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თეიმურაზ ჟღენტის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
გამოძიების ცნობით, 2011 წლის მაისის თვეში თეიმურაზ ჟღენტი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ გასამართი საპროტესტო აქციის მზადების და ორგანიზების პროცესში, რა მიზნითაც ახდენდა დაგეგმილი აქციების თაობაზე ისანი-სამგორის რაიონის მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირებას და მობილიზებას.
გამოძიება ამტკიცებს, რომ პოლიტიკური აქტიურობის გამო, აქციის ორგანიზებაში ხელშეშლის მიზნით, 2011 წლის 21 მაისს თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სასურსათო მაღაზიისკენ მიმავალი თეიმურაზ ღენტი და ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი.
თეიმურაზ ჟღენტი გაასამართლეს 2011 წლის 13 სექტემბერს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, დღეს კი სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.
პროკურატურის ცნობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 52 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 15 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.