ახალი ამბები

რამაზ სამხარაძე: ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია

22 აგვისტო, 2013 •
რამაზ სამხარაძე: ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია

„ბიძინა ივანიშვილი არ იცნობს ტელეკომპანიის შიდა სამზარეულოს. არ იცის, რა „სტაფი“ მუშაობდა ტელეკომპანიაში და ძალიან საშიშია პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება მედიაში, მაშინ, როცა არც ერთი ზარი არ ყოფილა ან ცენზურა მეცხრე არხთან დაკავშირებით,“- განაცხადა სამხარაძემ.

 

რამაზ სამხარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ყველა თანამშრომელი ნაწყენია, მათ სხვა ტელეარხების საშუალებით გაიგეს პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ, რის შემდეგაც, გადაწყვეტილება არხიდან წამოსვლის შესახებ ყველა თანამშრომელმა ერთხმად მიიღო.

 

„10 დღე, შესაძლოა, არაფერს წყვეტდა, მაგრამ ნებისმიერი იქ  მომუშავე პროფესიონალი, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებიც არიან. ამ ადამიანებმა ერთი წლის განმავლობაში არაერთ სტრესს გაუძლეს. გადაიარა ბევრი ქარბუქი. ჩვენთვის ემოციურად დამთრგუნველი იქნებოდა ამ ათი დღის განმავლობაში მუშაობა,“- ამბობს სამხარაძე.

 

„ნეტგაზეთის“ შეკითხვაზე, ნაადრევი ხომ არ იყო „მეცხრე არხის“ თანამშრომლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელევიზიის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ, მაშინ, როცა ტელევიზია შეიძლება გასხვისდეს და სხვა მფლობელის ხელში იმუშავებდა, სამხარაძემ გვიპასუხა:

 

„მეცხრე არხის“ მენეჯმენტმა თანამშრომლებთან ერთად ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ჩვენ 9- საათიანი გამოშვებით 19 აგვისტოს დავასრულეთ ეთერი.“

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 22 აგვისტოს “ინფო 9”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “მე–9 არხის” ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა ძალიან გაუგებრად მოიქცა, როდესაც ტელეკომპანია 19 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, დახურა და არა 1 სექტემბერს.

 

პრემიერი, რომლის ოჯახიც მედიასაშუალებების მფლობელია, მიიჩნევს, რომ “მე-9 არხზე” დასაქმებულ ჟურნალისტებს დაბალი კვალიფიკაცია ჰქონდათ, რომელთა უმეტესობა ჟურნალისტები არ იყვნენ. პრემიერის თქმით, მათ “მეცხრე არხი” როგორც “სტუდია ისე გაიარეს.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი