როგორც ფოფხაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, იგი მე–9 არხზე სამუშაოდ “რადიო ფრანსიდან” გადავიდა და გაუგებარია, რომელ არაპროფესიონალიზმზეა საუბარი:
“მე პირადად ძალიან სერიოზული მედიასაშუალებიდან ვარ გადმოსული [მე–9 არხზე] და რომელ არაპროფესიონალიზმზეა… საფრანგეთის ყველაზე წამყვანი რადიოსადგურის, “რადიო ფრანსის” ჟურნალისტი ვიყავი ბრიუსელში, ევროკავშირსა და ნატოში. ეს თანამდებობა არის ყველა ჟურნალისტის ოცნება და აქ არავის ასე, ჰაიჰარალეზე არ უშვებენ და მეტი პროფესიონალიზმი რაღა ვთქვა… ასევეა რუსუდან წერეთელი [მე–9 არხის] ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც ამერიკის ხმიდან წამოვიდა მეცხრეზე. პრემიერის განცხადება არაა ამ წუთში შეურაცხმყოფელი, რადგან მას რა ინფორმაციაც მიაწოდეს მეცრე არხის ჟურნალისტებზე მისმა მრჩეველებმა, ის თქვა. შეურაცხმყოფელი მისი გარემოცვის, მრჩეველების მოქმედებაა”, – განაცხადა ფოფხაძემ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მე–9 არხის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა ძალიან გაუგებრად მოიქცა, როდესაც ტელეკომპანია 19 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, დახურა და არა 1 სექტემბერს.
“ძალიან გაუგებრად მოიქცნენ, რომ გათიშეს არხი. მე შევახსენებ მათ, რომ არც ერთი არ გადმოსულა სი–ენ–ენიდან და ბი–ბი–სიდან ჩვენთან… უმეტესობა იყო უმუშევრები, უმეტესობა არ არიან პროფესიულად ჟურნალისტები და ჩვენთან ისწავლეს, რაც მისასალმებელი და კარგია. მათ, როგორც სტუდია, ისე გაიარეს ეს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება ტელევიზიასთან. მე საერთოდ არ ვაპირებდი გახსნას, თხოვება მინდოდა, თუ გახსოვთ ჩემი პირველი განცხადება, რომ ვიცოდი შედეგი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი. ამიტომ მინდოდა მეთხოვა, ამეშენებინა, ჩამედო ინვესტიცია და შემდეგ დამებრუნებინა იგივე მეპატრონისთვის. როდესაც არჩევნები დასრულდა, მე მქონდა კარგი სურვილები, რომ ჟურნალისტები უმუშევრები არ დარჩენილიყვნენ, და ეს აპარატურაც გადამეცა არხებისთვის. ამაზე, ნახეთ, როგორი რეაქციაც მოყვა და იმის შემდეგ ვცდილობდი ისე გამეკეთებინა, რომ ჟურნალისტები და ტელევიზია არ დაზარალებულიყო და ეს ტელევიზია ყოფილიყო საქართველოში. ეს ვერ მოვახერხე, თვეში ამ ტელევიზიის შენახვა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდებოდა. მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ”, – განაცხადა პრემიერმა.
