“ძალიან გაუგებრად მოიქცნენ, რომ გათიშეს არხი. მე შევახსენებ მათ, რომ არც ერთი არ გადმოსულა სი–ენ–ენიდან და ბი–ბი–სიდან ჩვენთან… უმეტესობა იყო უმუშევრები, უმეტესობა არ არიან პროფესიულად ჟურნალისტები და ჩვენთან ისწავლეს, რაც მისასალმებელი და კარგია. მათ, როგორც სტუდია, ისე გაიარეს ეს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება ტელევიზიასთან. მე საერთოდ არ ვაპირებდი გახსნას, თხოვება მინდოდა, თუ გახსოვთ ჩემი პირველი განცხადება, რომ ვიცოდი შედეგი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი. ამიტომ მინდოდა მეთხოვა, ამეშენებინა, ჩამედო ინვესტიცია და შემდეგ დამებრუნებინა იგივე მეპატრონისთვის. როდესაც არჩევნები დასრულდა, მე მქონდა კარგი სურვილები, რომ ჟურნალისტები უმუშევრები არ დარჩენილიყვნენ, და ეს აპარატურაც გადამეცა არხებისთვის. ამაზე, ნახეთ, როგორი რეაქციაც მოყვა და იმის შემდეგ ვცდილობდი ისე გამეკეთებინა, რომ ჟურნალისტები და ტელევიზია არ დაზარალებულიყო და ეს ტელევიზია ყოფილიყო საქართველოში. ეს ვერ მოვახერხე, თვეში ამ ტელევიზიის შენახვა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდებოდა. მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე გაიხსენა, რომ როდესაც მე–9 არხის გასხვისების საკითხზე 19 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, მე–9 არხის დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა დაურეკა და ტექსტიდან რამდენიმე საკითხის ამოღება სთხოვა:
“მე მახსოვს, როცა განცხადება გავუგზავნე, ქალბატონმა ლუბა ელიაშვილმა მთხოვა ამომეღო ის, რომ ინფო 9 იყო დროებითი პროექტი და ეს იცოდნენ, ვისაც ვქირაობდით ჩვენ და რამდენჯერმე ვუთხარი ეს ლუბას და ამოვიღე, რაც თქვა. მეორე, დამირეკა და მთხოვა ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტების გულისთვის ვაკეთებდი…. და ვკითხე: რატომ უნდა ამოვიღო–მეთქი, ეს ხომ სიმართლეა–მეთქი… საერთოდ უნდათ, რომ გაბრაზებულები და განაწყენებულები იყვნენ მაშინ, როდესაც მე აბსოლუტურად თანმიმდევრულად მოვიქეცი. ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუმართლებელი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, როგორი რეაგირებაც მათ გააკეთეს. კიდევ ვიმეორებ, არც ერთი არ მიქირავებია მე არც CNN-დან და არც BBC-დან… აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ არაპროფესიონალი ჟურნალისტებიდან და პროფესია გაიზარდეს ჩვენთან, როგორც სასწავლებელი, ისე გამოდგებოდა ეს. ხელფასს იღებდნენ და ახლა მამადლებენ, რომ გამოგვიყენაო. რა, უხელფასოდ იმუშავა ვინმემ, თუ რა? ან სხვა ტელევიზიებზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა ვინმეს? მე მგონი, უფრო მეტი ხელფასიც იყო და ჭარბი თანამშრომლებიც იყვნენ.. ძალიან საწყენია ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ტელევიზიის ასე ხელოვნურად მეტი დაჭერა არ შეიძლებოდა”.





