საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს “სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სქემა” წარუდგინა, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სოზარ სუბართან შეთანხმებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ფოცხვერია, იგივე “ტარასა” მართავს.

“ეს არის ობობის ქსელი, რომელიც საქართველოში დამკვიდრებულია 1 ოქტომბრის შემდეგ, ეს ქსელი გავლებულია ციხეებში და გადმოედინება ციხეების გარეთ და იწვევს კრიმინალის ზრდას მთელ ქვეყანაში. სქემაში მთავარი მოქმედი პირი არის ტარიელ ფოცხვერია, ის არის ამ კრიმინალური სქემის მმართველი”, – განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ფოცხვერია ნიშნავს იმ “მაყურებლებს”, რომლებმაც სხვადასხვა დაწესებულება უნდა აკონტროლონ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი კორძაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ საკითხზე სამინისტრო კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.




