ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა გვარამიას, თენგიზ გუნავას, მეგის ქარდავას, გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეების სხდომათა მონიტორინგს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2013 წლის თებერვლიდან ახორციელებს. შუალედური ანგარიში კი თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

 

როგორც ორგანიზაციის იურისტი გია გვილავა აცხადებს, მონიტორინგის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა:

 

“ზოგადად პროცესები მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის დარღვევის გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ბრალდება ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა და რიგ შემთხვევაში მოწმეების ნაწილი ცვლიდა ჩვენებებს, მაგალითად, ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როდესაც პროკურატურის ბრალდება არამყარი იყო და ყველა მოწმემ ერთი და იგივე არ ილაპარაკა და თანმიმდევრულები არ იყვნენ”, – განაცხადა გია გვილავამ. მისი განცხადებით, განსხვავებული სიტუაცია იყო მეგის ქარდავას სასამართლო პროცესზე:


“არის საქმეები, სადაც მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, მაგალითად, მეგის ქარდავას საქმე, სადაც ყველა მოწმე ერთსა და იმავეს ამბობს და პროკურატურა საკმაოდ ძლიერად არის მომზადებული”


გია გვალიას თქმით, სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოიკევთა, რომ ხშირია პოლიტიკური განცხადებები ბრალდებლთა მხრიდან:


“ხშირად იყო პოლიტიკური განცხადებები დაცვის მხარის მხრიდან, მაგრამ ჩვენ არ შეგვქმნია შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადებები რამენაირად აისახა პროცესზე. ჩვენს მონიტორებს არ დაუფიქსირებიათ შემთხვევა, რომ დაცვის მხარეს რაიმე პრობლემა შეექმნა, ან მოსამართლე არ მოიქცა სწორად და არ დაიცვა საპროცესო ნორმები”, – აღნიშნა გია გვალიამ.


იმ საქმეთა ნაწილზე, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აკვირდება, საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის, ამიტომ ორგანიზაცია გამოტაინლი გადაწყვეტილებების შეფასებისგან თავს იკავებს. სრული ანგარიში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, ყველა გახმაურებული პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. შუალედური ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა კი ორგანიზაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი.




Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *