ახალი ამბებისაზოგადოება

მოხუცების ბედნიერი ცხოვრება თავშესაფარში – ინტერვიუ ცირა გვასალიასთან

23 იანვარი, 2018 •
მოხუცების ბედნიერი ცხოვრება თავშესაფარში – ინტერვიუ ცირა გვასალიასთან

იმ ფაქტმა, რომ ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი მოხუცებულთა ჰოსპისში ცხოვრობს, “ფეისბუქის” მომხარებელთა სინანული და აღშფოთება გამოიწვია.  რატომ “ეცოდებათ” მოხუცები, რომლებიც პანსიონატში ცხოვრობენ და სად უფრო ბედნიერები არიან ისინი, სახლში თუ სხვა მოხუცების გარემოცვაში? სტიგმის მიზეზებზე “ნეტგაზეთი” ჟურნალისტსა და რეჟისორს, ცირა გვასალიას ესაუბრა.

ცირა გვასალიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი “ოთახები”, რომელიც თბილისში, თემქაზე მდებარე მოხუცთა პანსიონატში მცხოვრები მოხუცების ყოველდღიურობას აღწერს. რეჟისორი და ჟურნალისტი ფილმზე მუშაობისას ბლოგპოსტებსაც წერდა, რომელსაც შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ:

ფოტოზე – ცირა გვასალია ფილმის “ოთახები” ერთ-ერთ გმირთან, ვიოლა ცომაიასთან ერთად.

მას შემდეგ, რაც დიქტორის, დავით სოკოლოვის შესახებ ვიდეო გავრცელდა, facebook გამოხმაურებებით მუდმივად საუბარია იმის შესახებ, რომ მთავრობის სირცხვილია სოკოლოვის თავშესაფარში ცხოვრება, საგულისხმოა ისიც, რომ თავად სოკოლოვი ამ საკითხს საერთოდ არ უსვამს ხაზს, მეტიც, ის ამბობს, რომ კმაყოფილია პირობებით და ა.შ. თქვენი აზრით, რატომ აქვთ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანებს თავშესაფრების მიმართ?

მეც დავინახე მკაფიოდ ცუდი დამოკიდებულება. ადამიანები ამბობდნენ, რომ აპრიორი ცუდია თავშესაფარში ყოფნა და ყოველმხრივ ცუდად აფასებდნენ მის იქაურ მდგომარეობას. როდესაც ამ თემაზე დავიწყე მუშაობა 2011 წელს, მეც არასწორი წარმოდგენა მქონდა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები ინსტიტუციაში. მეგონა, რომ ცუდად ცხოვრობდნენ, ვფიქრობდი – “რა ეშველებათ?!” “ოჯახიდან წავიდნენ”, “სხვა გზა არ ჰქონდათ”. მხოლოდ ამ კუთხით ვხედავდი მათ ისტორიებს. საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა დაკვირვებისთვის, რომ ეს მოსაზრება გადამეფასებინა. გავიცანი ადამიანები და თვეების მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი წარმოდგენები არასწორია.

ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს, რადგან ითვლება, რომ ინსტიტუცია აპრიორი ცუდია. საიდან მოდის ეს დამოკიდებულება? ჩვენ გავიზარდეთ შეგნებით, რომ “ჩვენს მშობლებს პატივი უნდა ვცეთ”, რა თქმა უნდა, ეს ასეა და არც უნდა შეიცვალოს. ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის მშობელზე და ყველა იმ ადამიანზე, ვისი დახმარებაც შეუძლია. არსებობს ეს მოვალეობები, რომლებიც შვილს აქვს, რადგან თვითონაც მშობელმა გაზარდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ [მშობლის] ინსტიტუციაში გადასვლა არ შეიძლება.

თანამედროვე ადამიანი, თუ ის რეალიზებულია, ბევრ საქმეშია ჩართული. შესაბამისად, მას ფიზიკურად არ აქვს დრო, სახლში იყოს. ამ დროს ბებია-ბაბუების თაობა მარტო რჩება.  ჩემი აზრით, ადამიანს, რომელსაც ფუნქცია აქვს დაკარგული ოჯახში, ასაკს არც აქვს მნიშვნელობა, არის უბედური. მე ვიცი არაერთი ისტორია, რა შემთხვევაშიც ადამიანებს ჰყავთ ოჯახი და ჰქონდათ სახლში დარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ არჩიეს, თავშესაფარში გადასულიყვნენ და შეექმნათ თავიანთი მიკროსამყარო. გაეჩინათ ახალი ნაცნობები, გაებათ ახალი ურთიერთობები, მათ შორის- სასიყვარულო, მეგობრული. ჩემი დაკვირვებით, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ბედნიერები არიან აქ. შვილები არ უნდა დავადანაშაულოთ. ეს კანონზომიერებაა- ერთი თაობა მუშაობს, მეორე თაობა ვეღარ, მაგრამ ადამიანის ცხოვრება არ მთავრდება საპენსიო ასაკში და ახალი პერსპექტივები უჩნდება ყველას.

არგუმენტის, რომ შვილების თაობა მუშაობს და მათ არ აქვთ დრო ფიზიკურად იყვნენ სახლში, საპირწონედ არსებობს მოსაზრება და უფრო მისაღებია ხოლმე, როდესაც დამხმარე ადამიანი აჰყავთ და ის იწყებს მოხუცზე ზრუნვას ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ საკუთარ სახლში.  რატომ აღიქმება, რომ ასეთ შემთხვევაში შვილი ზრუნავს მშობელზე და თუ თავშესაფარში გადადის მშობელი, მაშინ არა?

მე რა გამოცდილებაც მაქვს და ჩემი დაკვირვება აჩვენებს, რომ ყველა ადამიანს, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობს, არ სჭირდება ფიზიკური მოვლა. შეუძლიათ, რომ დამოუკიდებლად ჩაიცვან, იბანაონ, შეჭამონ. დამხმარე ადამიანი რომც აიყვანო, შეიძლება, მაგ შემთხვევაშიც არ იგრძნოს თავი ბედნიერად და იფიქროს, რომ მის შვილს მისთვის არ სცალია. ფიზიკურად მაინც სხვა უვლის. სხვას აქვს მასთან ურთიერთობა და მაგ შემთხვევაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ინსტიტუციაში ყოფნა მეტ შანსს აძლევს, რომ ბედნიერი იყოს, რადგან იქ ადამიანები ყოველთვის ერთად არიან, ლაპარაკობენ, ურთიერთობენ. შვილთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ყველაფერი ადამიანისთვის. ადამიანს სხვა ურთიერთობებიც სჭირდება, თავის თანატოლებთან და თანამოაზრეებთან კომუნიკაცია და თვითრეალიზება.

ჩვენ ვისაუბრეთ სტიგმის კულტურული მიზეზებზე, სტიგმას იწვევს წარმოდგენა, რომ მოხუცის ოჯახს მასზე ზრუნვა არ სურს, მაგრამ თუ აქვს ამ სტიგმას ეკონომიკურ/სოციალური განზომილებაც. ის წარმოდგენა, რომ საქართველოში არ არის ინფრასტრუქტურულად კარგი და გამართული თავშესაფარი და პანსიონში ცხოვრება ბევრისთვის ცუდად გატარებულ მოხუცებულობას ნიშნავს?

მოსაზრება მრავალგვარი არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრებაც სტერეოტიპულია და რეალობასთან არაა კავშირში. ცუდი რას ნიშნავს? ცუდი რასთან შედარებით? ცუდი, ალბათ, იმასთან შედარებით, შენ რა გაქვს სახლში. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დონაციაზე მყოფი ორგანიზაციაა, დღეში სამჯერადი კვებაა.  ამას გარდა არის დესერტი, ხილი, დგება სია, ვის აქვს დიაბეტი, ვის აქვს სპეციალური საჭიროებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დგება ნორმალური, ჩვეულებრივი მენიუ, როგორიც, მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ყველა ოჯახს შეუძლია მისცეს თავის მშობელს ყოველდღიურად. ეს პანსიონატი, რომელიც არ არის კერძო, სრულიად აკმაყოფილებს როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს, ასევე ჩვეულებრივ სტანდარტებს, რაც არსებობს საქართველოში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. რა თქმა უნდა, ის სახლი, სადაც ისინი იმყოფებიან, საბჭოთა დროსაა აშენებული. ასე რომ მივყვეთ, თბილისში სახლების უმეტესობა საბჭოთა დროსაა აშენებული და ახალი მშენებლობებიც რამდენად შეესაბამება სტანდარტებს, ვიცით.

უბრალოდ, გასაგებია ზოგადი სტიგმა, რაც არსებობს საზოგადოებაში. ჩვენ მსგავს ქვეყნებში ასეთი აზრია ჩამოყალიბებული, რომ შვილია მოვალე იზრუნოს მშობელზე და ის უნდა იყოს სახლში მაინცდ მაინც და სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ ეცოდებათ მოხუცი, რომელიც თავშესაფარშია. ჩემს ფილმში ჩანს კიდევაც მაყურებლისთვის, რომ იქ მცხოვრები ოთხი ადამიანი, ჩემი გმირები, ყველას აქვს თავის საქმე, რასაც ყოველდღე აკეთებს და ზუსტადაც, შეიძლებოდა ეს სახლში ვერ გაეკეთებინათ.

თქვენს ფილმზე მუშაობისას ბევრ მოხუცებულს ესაუბრეთ, მათი სურვილების, მოტივების შესახებ ბევრი ინფორმაცია გაქვთ – რისი თქმა შეგიძლიათ, რატომ ცხოვრობენ ეს ადამიანები თავშესაფარში, იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ, თუ იმიტომ, რომ ასე სურთ?

აქ ყველა შემთხვევა არსებობს. არ არიან მხოლოდ ერთი მიზეზით წამოსულები. ამდენი ხნის მუშაობის და მათთან საუბრის შემდეგ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უფრო ბედნიერი იქნებოდა. ამის თქმის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს.

ზოგი წამოვიდა იმიტომ, რომ ფართი არ აქვს. ზოგს ჰყავს შვილები, მაგრამ წამოვიდა, რადგან პანსიონში უნდოდა ყოფნა. ჩემი ერთ-ერთი გმირის, რომელიც შარშან გარდაიცვალა, გასვენებაში მივედი და ოჯახის წევრებიც ვნახე, ვესაუბრე, მითხრეს – შეიძლება თქვენ გეგონათ, რომ ჩვენ სახლიდან გავაგდეთ და პირობები არ შევუქმენით, მაგრამ არ იყო ასე. ეს ადამიანი ძალიან შემოქმედებითი იყო და მართლა სჭირდებოდა სივრცე. ფილმშიც ჩანს, რომ პატარა ეკლესიის აშენება უნდოდა, გააკეთა კიდეც. დირექტორი ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ ამ კაცს თავისი პატარა ოცნება აესრულებინა.

ჩემს კიდევ ერთ-ერთ გმირს ჰყავდა ოჯახი და შვილები. შეეძლო სახლში დარჩენილიყო, მაგრამ მაინც წამოვიდა, რადგან თავისი სახელოსნო უნდოდა ჰქონოდა, რისი საშუალებაც ოჯახში არ ჰქონდა.  განა იმიტომ, რომ უშლიდნენ, უბრალოდ, მართლა უნდოდა, რომ ეს მისი პრივატული სივრცე ყოფილიყო  პანსიონატში. რომ გადმოვიდა პანსიონატში ეს ადამიანი, თავისი პატარა სახელოსნო ჰქონდა, რომელსაც კეტავდა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო და საკუთარ შემოქმედებით ენერგიას ყოველდღე ხარჯავდა. ეს კონკრეტული შემთხვევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ადამიანს უნდოდა ოჯახიდან “განცალკევება”. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მან შვილებთან ურთიერთობა გაწყვიტა, ისინიც მოდიოდნენ და ესეც მიდიოდა სახლში, როცა უნდოდა.

შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ ის სარგებელი, რომელსაც ადამიანები მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებით იღებენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვაგვარად მიეღოთ,  და თუ არის ნეგატიური მხარეები, რაც აუცილებლად თან ახლავს თავშესაფარში ცხოვრებას?

კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს მსგავსი ტრადიციული ქვეყნებისთვის ბუნებრივიცაა, ტრაგიკულადაც კი აღიქვამენ გადმოსვლას. ეს არის რთული მხარე, თავიდან სტიგმატირებული ხარ.  ამბობენ, რომ “საცოდავი აქ არის?”,  “არ ვიცოდი, რომ აქ იყო” და რა თქმა უნდა, შენც შენს თავს ისე აღიქვამ, როგორც სხვები აღგიქვამენ. შენც შეიძლება შეგეცოდოს შენი თავი. სხვა უარყოფით მხარეს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ.

რაც შეეხება დადებით მხარეებს – ეს არის კომუნიკაციის შესაძლებლობა, ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მეტად სჭირდება ურთიერთობა და კომუნიკაცია, რომლის ნაკლებობაც მას აქვს მაშინ, როცა სახლშია, მაგრამ მისი შვილები თუ შვილიშვილები ვერ იცლიან მისთვის და უფუნქციოდაა დარჩენილი. საქართველოში რომ არსებობდეს სერვისები, პენსიის შემდეგ ადამიანი იყოს დაკავებული და სახლში არ იჯდეს, რომ არსებობდეს ასეთი პროგრამები, კიდევ შეიძლება, რომ ოჯახში დარჩენა ნაკლებად ტრავმული ყოფილიყო. პანსიონატში კი სწორედ ურთიერთობები აქვთ, რაც ჩემი აზრით, ძალიან დადებითი მხარეა. რა თქმა უნდა, სტიგმა და გამოწვევა არსებობს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ესეც დაიძლევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი