ახალი ამბები

გოგიჩაიშვილის აზრით, HRW საკონსტიტუციო ცვლილებებზე “თავის ბუნებას” აცდა

19 იანვარი, 2018 •
გოგიჩაიშვილის აზრით, HRW საკონსტიტუციო ცვლილებებზე “თავის ბუნებას” აცდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკის ნაწილში Human Rights Watch  “თავის ბუნებას” აცდა. როგორც გოგიჩაიშვილმა რ2-ს განუცხადა, Human Rights Watch-ის საქმე ადამიანის უფლებების დაცვაა და არა პოლიტიკა. საკონსტიტუციო ცვლილებები, მისი თქმით, პოლიტიკური საკითხია.

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში რომ ცუდადად მოვქცეულიყავით, მაშინ საზოგადოება არ დაგვიჭერდა მხარს. მესმის, რომ [კონსენსუსი ვერ შედგა პოლიტიკურ ძალებს შორის] ეს ასეა, პოლიტიკაა. ხან შეთანხმდები შენს ოპონენტებთან [ხან ვერა]”, – ამბობს დეპუტატი.

Human Rights Watch ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. შესაბამისი ანგარიში 18 იანვარს გამოაქვეყნა.

ანგარიშში ორგანიზაცია ძირითად პრობლემურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გამოც, ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მათ შორისაა საკონსტიტუციო რეფორმა, პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა, ნარკოპოლიტიკა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ლგბტ პირთა უფლებები და მედიის თავისუფლება.  ანგარიშში ასევე მოცემულია საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებები რიგ საქმეებთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ისე პრეზიდენტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გააკრიტიკეს. ამ კუთხით, ანგარიშში ხაზგასმულია ვენეციის კომისიის შეფასებაც:

“ვენეციის კომისიამ, იურიდიულ საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადებას „ძალიან სამწუხარო“ და „კონსენსუსის მიღწევის გზაზე მთავარი დაბრკოლება“ უწოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი