საზოგადოება

HRW: საქართველოში ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლაა

13 იანვარი, 2022 • 1718
HRW: საქართველოში ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლაა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებათა ტენდენციებზე რიგით 32-ე, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. “World Report 2022” მიმოიხილავს 2021 წელს განვითარებულ მოვლენებს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, ქვეყანამ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.

„გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის, პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.

Human Rights Watch-ის თანახმად, ევროკავშირი, აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები მთელი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ანგარისში ნათქვამია, რომ აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები.

მუნიციპალური არჩევნები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით HRW ციტირებს ეუთოს მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტული და „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული“ იყო, მაგრამ „ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა“. ასევე, „რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, პოლიციამ საქართველოში დაბრუნებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავა.

სამართალდამცველთა დანაშაულების არასათანადო გამოძიება

Human Rights Watch-ის შეფასებით, სამართალდამცველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. 2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

„პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. თებერვალში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 23 თებერვალს პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა ენმ-ის სათავო ოფისში, რათა პარტიის ლიდერი ნიკა მელია, გირაოს დამატებითი თანხის გადაუხდელობის გამო, დაეპატიმრებინა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო. ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები“, — ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მოხვდა პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე.

ქართული სამღვდელოების მაკომპრომეტირებელ მასალებთან დაკავშირებით HRW აცხადებს, რომ ისინი, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული. მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო.

მედიის თავისუფლება

Human Rights Watch აღნიშნავს, რომ 2021 წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს. ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა და 5 ივლისის მოვლენები, “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ჩათვლით.

„5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის სულ ცოტა 53 თანამშრომელს. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა“, — ნათქვამია ანგარიშში.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

5 ივლისის მოვლენები მიმოხილულია სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ ქვეთავშიც და ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დაადანაშაულა პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები, მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მარტში ხელისუფლებამ პირველად დაუშვა სქესის სამართლებრივი აღიარების პრეცედენტი და ტრანსგენდერ პირს სქესის აღნიშვნა „მამრობითიდან“ „მდედრობითით“ შეუცვალა, ოღონდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინა. საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერებს სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ. HRW-ის აზრით, ეს მოთხოვნა სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობისა და სიღარიბის რისკებს ზრდის.

ბავშვთა უფლებები

ბავშვთა უფლებების ნაწილში ანგარიშში მოყვანილია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენები. ასევე, აღნიშნულია პანდემიის გამო სკოლებში სწავლის შეწყვეტის შესახებ. იუნისეფის შეფასებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50 000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე.

„ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო“, — ნათქვამია ანგარიშში.

შრომითი უფლებები

შრომით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, HRW-ის შეფასებით, პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

„სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას კი რესურსების ნაკლებობა აფერხებს. დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ ივნისის ანგარიშის თანახმად, ექთნების შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ასევე პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „შრომის ინსპექციის“ თანახმად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მიტანის სერვისზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ახალი კერა გააჩინა. 2021 წლის დასაწყისში 100-ზე მეტმა კურიერმა გამორთო მიტანის სერვისის აპლიკაციები, რათა გაეპროტესტებინათ შრომის არარეალისტური ნორმირება, რომელიც, მათი განცხადებით, სამუშაოს უფრო სახიფათოს ხდიდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი